ეპიქტეტეს შესახებ…
ფილოსოფიის ისტორიაში ორი ისეთი გენიალური ფილოსოფოსის სახელია ჩაწერილი ოქროს ასოებით, რომლებსაც თავიანთი შეგნებული ცხოვრების დიდი ნაწილის გატარება – მონობაში მყოფთ მოუხდათ. მათი სახელებია – დიოგენე სინოპელი და ეპიქტეტე. (ავტორი გენია.ჯი) თავისი მებატონის, იმპერატორ ნერონის პირადი მდივნის – ეპაფროდიტეს მიერ ცემით სამუდამოდ დახეიბრებული ეპიქტეტე პითოსში მაცხოვრებელი დიოგენესაგან განსხვავებით, მონობაში იქნა მოვლენილი ამ ქვეყანას. მამამისის შესახებ ინფორმაცია არ მოგვეპოვება, თუმცა ცნობილია, რომ ეპიქტეტეს დედაც მონა-ქალი იყო. ჩვენთვის უცნობია, როდის და რა საშუალებით მოიპოვა მან თავისუფლება 92 წელს, მაგრამ მონობიდან ახლად განთავისუფლებული ფილოსოფოსი უკვე დიდი ავტორიტეტით რომ სარგებლობდა ხალხში, რეალური ფაქტია. რამდენიმე ხანში რომის იმპერატორის – დომიციანეს ბრძანების საფუძველზე იგი სხვა ფილოსოფოსებთან ერთად „მარადიული ქალაქიდან’ იქნა გაძევებული. ნიკოპოლში იძულებით გადასახლებულმა ფილოსოფიური სკოლა დააარსა, სადაც მის დიალოგებსა და ლექციებს საგულდაგულოდ ესწრებოდა გენიალური ძველ ბერძენი ისტორიკოსი, ალექსანდრე მაკედონელის გახმაურებული ბიოგრაფიის ავტორი – არიანე. მიუხედავად დიდი ავტორიტეტისა, ეპიქტეტე მაინც ისეთივე მოკრძალებული რჩებოდა ცხოვრებაში, როგორიც ადრეულ წლებში, მონობისას იყო. იგი მკაცრად იცავდა მის მიერ შემუშავებულ პრინციპებს, სადაც აბსოლუტური ტაბუ ჰქონდა დადებული ყოველგვარ ცხოვრებისეულ კეთილდღეობას, ფუფუნების საგნებსა და გადიდკაცების მანიას. ეპიქტეტეს ასკეტური ცხოვრების წესს საგანგებოდ აღნიშნავდნენ მისი თანამედროვეები და ადრეული ქრისტიანი ავტორები. ეგზომ მკაცრი მორალური პრინციპების დაცვამ მას ხალხში ავტორიტეტი ერთიორად გაუზარდა. შესაბამისად, გაიზარდა ეპიქტეტეს მსმენელთა და მოსწავლეთა უზარმაზარი არმიაც. ამ უდიდესი ფილოსოფოსის მიერ დაარსებულ ფილოსოფიურ სკოლაში ლექციების მოსმენა უფასო იყო. ეპიქტეტეს თავისი მოსწავლეებისაგან არასოდეს აუღია ფული, მაგრამ ამაზე არასოდეს დაუწუწუნია. ის კი არა და, ხშირად სცოდნია თქმა იმისა, რომ მისთვის ცხოვრებაში სრულიად საკმარისი იყო – თივის საწოლი, ხის სკამი და თიხის ლამპარი.
ანტიკურ ქალაქ იერაპოლისში დაახლოებით 50 წელს დაბადებული დიდი ძველ ბერძენი ფილოსოფოსი ამვრაკიკოსის სანაპიროზე განთავსებულ ქალაქ ნიკოპოლში აღესრულა 138 წელს. ამ უკიდურესად მოკრძალებულმა კაცმა სიკვდილის წინ ანდერძად დაიბარა, რომ მისი საფლავისთვისაც ერთობ მოკრძალებული ეპიტაფია გაეკეთებინათ: „მონა – ეპიქტეტე”. მისი ანდერძი აღასრულეს, თუმცა ეპიტაფიას რამდენიმე სიტყვაც დაუმატეს თან. შედეგად დიდი ფილოსოფოსის საფლავზე შემდეგი სახის მქონე ეპიტაფია იქნა გაკეთებული: „მონა – ეპიქტეტე. კოჭლი და ღატაკი. უკვდავთა მეგობარი”. – (ავტორი გენია.ჯი)