ამონარიდი გურამ ფანძიკიძის რომანიდან – „თვალი პატიოსანი”
„სიტყვას ბანზე ნუ მიგდებ, თამაზ იაშვილო, იქნებ გგონია, რომ კაცსაც არ მოკლავ? ან იქნებ გგონია, რომ კაცი არ მოგიკლავს?
შენ ძალიან ბევრი კაცი გყავს მოკლული, ისევე, როგორც მე, – განაგრძო ოთარმა, – თორმეტი წლისა ვიყავი, პირველად რომ მოვკალი კაცი. დღევანდელ დღესავით მახსოვს, კინოში „რომეო და ჯულიეტა” ვნახე. მე რატომღაც ყველაზე უფრო მერკუციომ მომხიბლა, თავი შემაყვარა, და როცა მერკუციოს მოკვლით გამწარებულმა რომეომ მისი მკვლელი ტიბალტი განგმირა, მასთან ერთად მე გავუყარე დაშნა ტიბალტს, მეც ვიგრძენი ცხელი სისხლის სუნი და მეც დავიოკე შურისძიებით აღგზნებული სხეული. გაიხსენე, რამდენჯერ შემხტარხარ აღტაცებული კინოში, როცა საძულველი კაცი მოუკლავთ, როცა მკვლელთან ერთად შენც გიძიებია შური. აღტაცება კი მით უფრო მეტი ყოფილა, რამდენადაც უფრო ლამაზად მოკლავენ შენთვის საძულველ პიროვნებას. რატომ გაჩუმებულხარ, მითხარი, განა მართალი არა ვარ?
- სამწუხაროდ, მართალი ხარ!
- შენ კი გეგონა, უცოდველი იყავი, ჯერ ადამის შვილის ცოდვა არ გედო კისერზე”. – (ავტორი გენია.ჯი)