ამონარიდი ალექსანდრე კუპრინის მოთხრობიდან – „ძაღლის ბედნიერება”
„ – ჩემი ბატონის ლაპარაკიდან გავიგე, რომ ჩვენი დაღუპული ამხანაგების ტყავისაგან ქალის ხელთათმანები გააკეთეს. მაგრამ, – გაიმაგრეთ ნერვები, mesdames, – ეს კიდევ ცოტაა. ტყავი რომ უფრო ნაზი და რბილი იყოს, მას ცოცხალ ძაღლს აძრობენ.
სასოწარკვეთილმა კივილმა შეაწყვეტინა პუდელს სიტყვა.
- რა უადამიანობაა!..
- რა საძაგლობაა!
- ეს ხომ წარმოუდგენელია!
- ო, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო!
- ჯალათები!
- არა, ჯალათებზე უარესები!..
ამ აგზნების შემდეგ დაძაბული და ნაღვლიანი დუმილი ჩამოვარდა. თვითეული მსმენელის გონებაში იხატებოდა ცოცხლად ტყავის გაძრობის საშინელი პერსპექტივა.
- ბატონებო, ნუთუ არ არის საშუალება, რომ ძაღლები ერთხელ და სამუდამოდ ვიხსნათ ადამიანებთან სამარცხვინო მონობისაგან? – გაცხარებით წამოიძახა ჯეკმა.
- გვიჩვენეთ, გეთაყვა, ეს საშუალება, – ირონიით წარმოთქვა ბებერმა პუდელმა.
ძაღლები ჩაფიქრდნენ.
- ყველა ადამიანი დავკბინოთ, გათავდა და მორჩა! – წამოაყრანტალა დოგმა გაბოროტებული ბანით.
- სწორედ ასე, ყველაზე რადიკალური აზრია, – პირფერულად დაუკრა კვერი ბუტონმა, – დავაშინებთ მაინც.
- დიახ, დავკბინოთ… საუცხოოა, – შეესიტყვა ბებერი პუდელი. – მერე რა აზრისა ხართ მათრახებზე, მოწყალეო ხელმწიფევ? თუ იცნობთ მათ?
- ჰმ… – ჩაახველა დოგმა.
- ჰმ… – გაიმეორა ბუტონმა.
- არა, მოგახსენებთ, ბატონო ჩემო, რომ ადამიანებთან ბრძოლა არ გამოგვადგება. ცოტა როდი მიხეტიალია ამ ქვეყანაზე და შემიძლია ვთქვა, რომ ცხოვრებას კარგად ვიცნობ… ავიღოთ თუნდაც ისეთი უბრალო საგნები, როგორიც არის ძაღლის ბუდრუგანა, მათრახი, ჯაჭვი და ალიკაპი, – ამ საგნებს, ვფიქრობ, ყველა იცნობთ, ბატონებო?.. ვთქვათ, ჩვენ, ძაღლები, ოდესმე მოვიფიქრებთ როგორ დავაღწიოთ მათ თავი… მაგრამ განა ადამიანი მაშინვე არ გამოიგონებს უფრო სრულყოფილ იარაღებს? აუცილებლად გამოიგონებს. უნდა ნახოთ, რა ბუდრუგანებს, ჯაჭვებსა და ალიკაპებს უკეთებენ ადამიანები ერთმანეთს! უნდა დავემორჩილოთ, ბატონებო, მეტი გზა არ არის! ასეთია ბუნების კანონი.
- ო, წამოიწყო ფილოსოფია, – ჩასჩურჩულა ტაქსამ ჯეკს, – ვერ ვიტან ბებრებს მათი რჩევა-დარიგებით.
- სავსებით მართალი ხართ, mademoiselle, – თავაზიანად გაიქნია კუდი ჯეკმა.
თაგვისფერი დოგი მელანქოლიური გამომეტყველებით სწვდა შემოფრენილ ბუზს და ტირილის ხმით გააბა:
- ეჰ, ძაღლის გაძაღლებულო ცხოვრებავ!..
- აბა, სად არის აქ სამართალი, – აღელდა ლევრეტი, რომელიც მანამდე დუმდა. – აი თუნდაც თქვენ, ბატონო პუდელო… ბოდიში, პატივი არა მაქვს ვიცოდე თქვენი სახელი…
- არტო, ეკვილიბრისტიკის პროფესორი, თქვენი მონა-მორჩილი, – თავი დაუკრა პუდელმა.
- აბა მითხარით, ბატონო პროფესოსო, თქვენ, როგორც გეტყობათ, გამოცდილი ძაღლი ბრძანდებით, თქვენს ნასწავლობაზე რომ აღარა ვთქვათ რა; მითხარით, სად არის ყოველივე ამაში უმაღლესი სამართლიანობა? ნუთუ ადამიანები ჩვენზე იმდენად ღირსეულნი და უკეთესნი არიან, რომ დაუსჯელად სარგებლობენ ასეთი უწყალო პრივილეგიებით…
- არც უკეთესნი არიან და არც ღირსეულნი, ჩემო კარგო ქალიშვილო, არამედ უფრო ძლიერნი და ჭკვიანნი, – ნაღვლიანად უპასუხა არტომ. – ო! მე ძალიან კარგად ვიცნობ ამ ორფეხა ცხოველთა ზნეობას… ჯერ ერთი, ისინი ისეთი ხარბნი არიან, როგორც არც ერთი ძაღლი მსოფლიოში… მათ იმდენი პური, ხორცი და წყალი აქვთ, რომ ყველა ამ ურჩხულს შეუძლია ყელამდე მაძღარი იყოს მთელ სიცოცხლეში. ამავე დროს მათ რაღაც მეათედ ნაწილს ხელში აქვს ჩაგდებული საარსებოდ საჭირო მთელი სანოვაგე და, თვითონ რომ არ ძალუძს შეხეთქოს, დანარჩენ ცხრა მეათედს აშიმშილებს. აბა ერთი მიბრძანეთ, განა მაძღარი ძაღლი თავის მეზობელს არ უწილადებს გამოხრულ ძვალს?
- უწილადებს, აუცილებლად უწილადებს, – დაეთანხმნენ მსმენელები.
- ჰმ! – იჭვნეულად ჩაახველა დოგმა.
- გარდა ამისა, ადამიანები ბოროტნი არიან. ვის შეუძლია თქვას, რომ ერთმა ძაღლმა მოკლა მეორე სიყვარულის, შურის ან ბოროტების გამო? ჩვენ ზოგჯერ ვიკბინებით – ეს მართალია. მაგრამ ერთმანეთს სიცოცხლეს არ ვუსპობთ.
- მართლაც ასეა, – დაუდასტურეს მსმენელებმა.
- კიდევ მიბრძანეთ, – განაგრძო თეთრმა პუდელმა, – განა ერთი ძაღლი გაბედავს აუკრძალოს მეორეს სუფთა ჰაერით სუნთქვა და ძაღლის ბედნიერების მოწყობაზე თავისი აზრების თავისუფლად გამოთქმა? ადამიანები კი ამას სჩადიან!
- დალახვროს ეშმაკმა! – ენერგიულად დაუმატა თაგვისფერმა დოგმა.
- დასასრულ ვიტყვი, რომ ადამიანები პირმოთნენი, ცრუნი, არასტუმართმოყვარენი და უწყალონი არიან… და მაინც ადამიანები ბატონობენ და იბატონებენ, რადგან… რადგან ასეა მოწყობილი. მათი ბატონობისაგან განთავისუფლება შეუძლებელია… ძაღლის მთელი სიცოცხლე, ძაღლის მთელი ბედნიერება მათს ხელშია… ჩვენს ახლანდელ მდგომარეობაში თვითეული ჩვენგანი, ვისაც კეთილი პატრონი ჰყავს, ბედს უნდა უმადლოდეს. მარტო პატრონს შეუძლია აგვაცილოს ჩვენი ამხანაგების ხორცის ჭამის სიამოვნება და შემდეგ იმის გრძნობა, როგორ გვაძრობენ ცოცხლად ტყავს”. – (ავტორი გენია.ჯი)