ამონარიდი ვალენტინ რასპუტინის რომანიდან – „ფული მარიასათვის”
„ – მთელი სიცოცხლე უფულოდ მიცხოვრია და ამ დარჩენილ წლებსაც გავძლებ როგორმე – არ გამიჭირდება. თუთუნი საკუთარი მაქვს, პურის ყუაც მომეძებნება, ასანთი თუ არ მექნა, ყალიონს მუგუზალითაც გავაჩაღებ. რაში მჭირდება ფული…
- კარგი ბერიკაცო, კარგი, – ხმა დაურბილდა კუზმას.
- ეს ძველმანებიც კუბოს ფიცრამდე მიმყვება; თუ გადაკვრა მომინდა, თვითონ გამოვხდი, თანაც ისეთს, ნაპერწკლებს ყრიდეს. ამსიგრძე სიცოცხლე გავლიე და ფული არასოდეს მქონია. ბავშვობიდან ჩემი ხელით ვაკეთებდი ყველაფერს, თუ დამჭირდა, მაგიდასაც გამოვჩორკნი. ოცდაცამეტში, შიმშილობის დროს, მარილსაც კი შინ ვამზადებდით. ეგ ახლანდელები გაეჩვიეთ მაღაზიას, ადრე კი წელიწადში ორჯერ თუ მივიდოდით დუქანში. ყველაფერი საკუთარი გვქონდა და არაფერი გვიჭირდა. არ ვიხოცებოდით. ახლა კი თუ ფული არა გაქვს, ნაბიჯსაც ვერ გადადგამ. ყველგან ფული გჭირდება. ლამის თქვენც ფულად იქცეთ. ხელობაც დაივიწყეთ – აბა რა, მაღაზიაში ყველაფერი მზამზარეული დევს, არც გარჯა გჭირდება, წახვალ და იყიდი – მთავარია, ფული გქონდეს. კიდევ ღმერთს მადლი, ზოგს უჭირს ეს ოხერი, ფულს ვერ შოულობს, იქნებ იმათ მაინც არ დაივიწყონ შრომა, მათი ბავშვები მაინც მიეჩვიონ ხელის განძრევას, თორემ წახდა ქვეყანა, მცონარებით აივსო. დიდ-პატარა ერთად გაზარმაცდა.
- ნუ ბრაზობ.
- სიმართლეს გეუბნები. აბა, სად გაგონილა სოფლელ კაცს ფული ჰქონოდა? ადრე მეზობელს სახლის აშენებაში წაეხმარებოდნენ, ღუმელს ამოუშენებდნენ, ეგრეც ერქვა – დახმარება. თუ მასპინძელს რახი ჰქონდა, მაგიდაზე შემოდგამდა, არ ჰქონდა და, ვინ დაძრახავდა, სხვა დროს თავად წაახმარებდა ხელს. ახლა კი ყველაფერს ფულით ზომავთ. ბოსტანს გადააბრუნებინებ – ათმანეთიანი უნდა, თივას მიატანინებ – იმასაც ათმანეთიანი უნდა მისცე. ფულისათვის მუშაობენ და ფულით ცხოვრობენ. ყველაფერში გამორჩენას ეძებენ – სირცხვილ-ნამუსი დაკარგა ხალხმა!”