ამონარიდი ვლადიმერ იაკაშვილის რომანიდან – „ცეცხლის მზე”

„არსებობისათვის ბრძოლაში ყველა ილეთი მისაღებად მიგვაჩნია, რადგან ძალიან კარგად გვაქვს შეგნებული ანბანური ჭეშმარიტება იმის შესახებ, რომ გამარჯვებულს არ სჯიან… ხოლო თუ დამარცხდი, საქმე ისედაც წასულია. სულ ერთია, ერთხელ მოგჭრიან თავს თუ ორჯერ… მორალი? მორალი არ არსებობს, რადგან, ბოლოს და ბოლოს, ისიც იგივე ილეთია, რომელსაც ბრძოლაში ხმარობენ, ოღონდ ჭრელ ფარჩაშია გახვეული ის ილეთი და ხელში სათუთად გვიჭირავს, ვითომდა ნახეთ, რა ფაქიზი რამეაო. თავის მოტყუებაა… ქალთან საქმეს რომ მოათავებ, კიდევაც გეზარება, მაგრამ ერთხანს მაინც უსვამ თავზე ხელს, იცი, ხვალაც მისი სტუმარი იქნები… აი, მორალის საძირკველიც და საფუარიც. ვთვალთმაქცობთ, ათას რამეს ვიგონებთ, რომ გემრიელ ლუკმას მივწვდეთ და ის ლუკმა როგორმე შევინარჩუნოთ…

ერთმანეთს ვუღიმით, ვმლიქვნელობთ, თავზე ხელს ვუსვამთ, მაგრამ თან მხარს ისე ვიქნევთ, რომ როგორმე წინ გავძვრეთ, ხოლო თუ ამ დროს ვინმეს უფსკრულში გადავჩეხავთ, აინურშიც არ ვაგდებთ, ორიოდე სიტყვას ვიტყვით კაცთმოყვარეობაზე და გულს დავიმშვიდებთ… სხვასაც დავამშვიდებთ, რადგან ხალხს ის უფრო სჯერა, რასაც ამბობ, ვიდრე ის, რასაც აკეთებ.

სინდის-ნამუსი, მორალი, მაღალი იდეები, ყველაფერი ადამიანისაგან ადამიანის მოსატყუებლად მოგონილი აბდაუბდაა, ანკესზე წამოცმული ჭიაყელაა, რომლითაც ღორჯოს იტყუებენ…

რწმენა? რწმენა არავის არაფრისა აქვს… იცით, ვინ ვართ ჩვენ? ღვთისმსახურნი, რომელთაც ღმერთი არ სწამთ, თუმცა გულმოდგინედ კი სწირავენ, რადგან უფალთან ახლო დგომა სარფიანი ხელობაა და ამ ხელობის კაცი საზოგადოების პატივისცემითაც სარგებლობს – შეგიძლია შეუნდო და არ შეუნდო, ხოლო თუ მოისურვებ, კიდევაც შეაჩვენო: ასეთი რამ ადამიანის პატივმოყვარეობას სასიამოვნოდ უღიტინებს… და რახან წირვა-ლოცვა პროფესიად გაგიხდია, სჯობს გწამდეს, ვიდრე არა გწამდეს, რადგან თუ გწამს და ისე ლოცულობ, სინდისი უფრო დამშვიდებულია… იმიტომაც გწამს, თუმცა წმინდა წყლის ურწმუნო კი ხარ… შენ თავსაც არწმუნებ და სხვასაც, დიდი ღვთისმოსავი ვინმე ვარო, ისე იქცევი, თითქოს გჯეროდეს იმქვეყნიური ნეტარება, საქმით კი იმასა ცდილობ, რაც შეიძლება ამ ქვეყნადვე მიითალო, ბოლოს ისე გამოდის, რომ ეს ქვეყანა შენია და ის ქვეყანაც შენთვისაა მოგონილი”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>