ამონარიდი გურამ გეგეშიძის რომანიდან – „ხმა მღაღადებლისა”
„ – ჩვენ, ქართველებმა თუ არ ჩავიგდეთ ხელში ჩვენივე ქვეყნის მართვა-გამგეობა, მალე საკუთარ სამშობლოში სტუმრებს დავემსგავსებით. მაგრამ სამწუხაროდ, ეს ყველას არ ესმის, ერთმანეთში კინკლაობას ვუნდებით, მაშინ როდესაც ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები უცხო ტომის ხალხი ყოველნაირად შეკავშირებულია და ყველაფერს ხელიდან გვაცლის. ამას თუ წინააღმდეგობა არ გავუწიეთ, შვილო, დაღუპულია ჩვენი საქმე. გადადი, იმსახურე თბილისში, ახალგაზრდა ხარ, შეიძლება დაწინაურდე კიდეც და მერე შენს მოძმეს გაუმართე ხელი, მიეცი საშუალება საკუთარ ქვეყანაში დამკვიდრებისა და გაძლიერებისა. ასე უდარდელად და უზრუნველად არ უნდა ჩავაბაროთ უცხოებს ჩვენი მიწა-წყალი, მეურნეობა და წარმოება, ცარიელი ყბედობა ვერ გვიშველის, მოქმედებაა საჭირო”.