ამონარიდი კნუტ ჰამსუნის რომანიდან – „მისტერიები”
„მაინც რა არის სოციალიზმის პრინციპები? მაგაზე ეშმაკიც კი კისერს მოიტეხს! სოციალიზმი, მოკლედ თუ გამოვხატავთ მის არსს, მდაბიოთა შურისგებაა. ერთი ნახეთ, რას წარმოადგენს სოციალიზმი, როგორც მოძრაობა! სოციალისტები ბრმა და ყურდახშულ ცხოველთა ჯოგია, რომელიც აქასქასებული მიჰყვება ბელადის კვალს! ახლა საკუთარ ცხვირს იქით თუ ამჩნევენ რამეს? არა, იმათ საერთოდ არ აქვთ ფიქრის უნარი, თორემ კარგა ხნის წინ გადმოვიდოდნენ მემარცხენეთა მხარეზე და რამე ხეირიან, პრაქტიკულ საქმეს მოეკიდებოდნენ. ისინი კი მთელ სიცოცხლეს უაზრო ფართიფურთში ატარებენ და აუხდენელ ოცნებებს ეპოტინებიან. ფუჰ! ერთი გადახედეთ, ვინ არიან სოციალიზმის ბელადები? – ღატაკები, გაძვალტყავებული მეოცნებენი, რომლებიც თავიანთ მანსარდებში ხის ტაბურეტებზე ჩამომსხდარან და სამყაროს სრულქმნაზე ტრაქტატებს აწიკწიკებენ! რა თქმა უნდა, შეიძლება ძალიანაც რიგიანი ხალხი იყოს – აბა, ცუდს ვინ იტყვის კარლ მარქსზე? – მაგრამ მაგ მარქსსაც კი ჯდომისა და წერის მეტი არაფერი უკეთებია. იჯდა და მხოლოდ თეორიულად, ასე ვთქვათ, კალმის მოსმით სპობდა სიღარიბეს დედამიწაზე. გონების თვალი მოავლო ყველა ჯურის სიღარიბეს, ყოველგვარი ხარისხის სიღატაკეს; მისმა გონებამ მთელი კაცობრიობის სატანჯველი დაიტია. სულაგიზგიზებული აწებს კალამს მელანში, გვერდს გვერდზე აცხობს, რიცხვებით ავსებს დიდ ფურცლებს, ართმევს ფულს მდიდრებს და ღარიბებს ურიგებს, ანაწილებს და ანაწილებს უზარმაზარ თანხებს, ატრიალებს მსოფლიოს ეკონომიკას, მილიარდებს უყრის გაოცებულ ღარიბებს და ამას აკეთებს წმინდა მეცნიერულად, მხოლოდ თეორიულად! ბოლოს და ბოლოს კი ირკვევა, რომ გულუბრყვილოდ გატაცებული, ძირის-ძირობამდე მცდარ პრინციპს – კაცთა თანასწორობას ეყრდნობა! ფუჰ! ეს ხომ აბსოლუტურად მცდარი პრინციპია! ჰოდა, ამას იყო გადაყოლილი, იმის მაგივრად, რამე სასარგებლო მოღვაწეობისათვის მოეკიდა ხელი, მხარში ამოსდგომოდა ლიბერალებს და მათთან ერთად ებრძოლა რეფორმებისა და ჭეშმარიტი დემოკრატიის განმტკიცებისათვის”. – (ავტორი გენია.ჯი)