ამონარიდი გი დე მოპასანის ნოველიდან – „მუარონი”
„მღვდელმა დიდი თხოვნით მომმართა: ერთ მომაკვდავთან უნდა წამომყვეთო, თქვენს ნახვას აუცილებლად თხოულობსო. ჩემი ხანგრძლივი პროკურორობის განმავლობაში ასეთი შემთხვევები ხშირად მქონია; და თუმცა, რაც რესპუბლიკა იქმნა შემოღებული, სამსახურს გარეშე ვიყავი, მაინც ჟამითი-ჟამად ასეთს შემთხვევებში მაინც დამიძახებდნენ ხოლმე.
გავყევი ეკლესიის მსახურს, და იმანაც ამიყვანა ერთ პატარა, საცოდავ ოთახში, სახურავს ქვეშ, მუშების ერთ მაღალ სახლში.
შიგ დამხვდა, ჩალით გატენილ ლეიბზე ერთი უცნაური მომაკვდავი, წამომჯდარი, ზურგით კედელს მიყრდნობილი, რომ კარგად სუნთქვა შესძლებოდა.
ერთგვარი ჩონჩხი იყო, რომელიც იჭყანებოდა, ღრმად ჩაცვინული თვალები ძალზე უბრწყინავდა.
დამინახა თუ არა, ჩურჩულით მითხრა:
- ვეღარ მიცანით?
- ვერა.
- მუარონი გახლავართ.
გამაჟრჟოლა და ვკითხე:
- მასწავლებელი?
- დიახ.
- აქ რა გინდოდათ?
- გრძელი ამბავი გახლავთ. მე კი დრო არა მაქვს. სიკვდილის პირას ვიყავ… და აქ მომიყვანა ამ მოძღვარმა… და რაკი აქ მეგულებოდით, თქვენს მოსაყვანად გაახელით… თქვენ მინდა აღსარება გითხრათ… რა კი სიკვდილს თქვენ გადამარჩინეთ… ერთ დროს.
დაკრუნჩხული ხელებით ტილოში მდებარე ჩალას ბღუჯნიდა. და განაგრძო ხრინწიანი დაბალი ხმით:
- აჰა… სიმართლე უნდა მოგახსენოთ… თქვენ… იმიტომ რომ ვისმე ხომ უნდა ვუთხრა სიმართლე, სანამ სააქაოს განვშორდებოდე!
ბავშვები მე დავხოცე… ყველანი… მე… შური ვიძიე!
ყური მიგდეთ. პატიოსანი კაცი გახლდით, მეტად პატიოსანი… ძალზე პატიოსანი… უმწიკვლო… ვეთაყვანებოდი ღმერთს… – იმ მოწყალე ღმერთს, რომელიც გვასწავლის გვიყვარდეს მოყვასი, და არა ყალბ ღმერთს, ჯალათს, ქურდს, კაცისმკვლელს, რომელიც განაგებს დედამიწას. ჩემს სიცოცხლეში არ ჩამიდენია ცუდი საქმე, ჩემს სიცოცხლეში ადამიანისათვის სიავე არ მიქნია. უბიწო ვიყავ ისეთი, როგორიც იშვიათად თუ ვინმე იქნება, ბატონო.
ცოლი რომ შევირთე, შვილები გამიჩნდა და ისე მიყვარდა, რომ მამას ისე არავისა ჰყვარებია თავისი შვილები. მზე და მთვარე მაგათზე ამომდიოდა. სულ ზედ დავკანკალებდი. სამი დამეხოცა, რისთვის? რისთვის? რა დავაშავე ისეთი, მე? აღვშფოთდი, საშინლად აღვშფოთდი; მერე ერთბაშად თვალები გავახილე, თითქო ძილს შემდეგ გამომეღვიძაო; და მივხვდი, რომ ღმერთი ავი ყოფილა, ბოროტი. რად მომიკლა ბავშვები? თვალები ამეხილა და დავინახე, რომ ღმერთს ხოცვა უყვარს, ამის მეტი არაფერი უყვარს, ბატონო, იმისთვისღა გვაცოცხლებს, რომ მერე მოგვსპოს! ღმერთი, ჩემო ბატონო, ხალხის ამაომწყვეტია. დღეყოველი მკვდარი უნდა ედოს წინ და მოკვლის სხვადასხვა ხერხებს მოიგონებს ხოლმე, რომ მერე უკეთესად გაერთოს. გამოიგონა ნაირნაირი ავადმყოფობანი, მარცხნი, რომ გაერთოს ნელ-ნელა მთელი თვეებისა და წლების განმავლობაში; და მერე, როცა მოწყინდება, მიუსევს სხვადასხვა სენს, შავ ჭირს, ხორველას, ხუნაგს, ყვავილს; ან სად შემიძლია ჩამოვთვალო ყველაფერი, რაც გამოიგონა საშინელმა არსებამ?.. მაგრამ ეს არ ეყო, ამით ვერ გაძღა, ყველა ეს ავადმყოფობა ერთმანეთსა ჰგავს! ამიტომ დროდადრო იმსაც მართავს ხოლმე, რომ ორასი ათასი ჯარისკაცი ძირს მიწაზე გაშხლართული დაინახოს, სისხლსა და ტალახში ამოვლებული, ჩამღძვალი, მკლავებ და ფეხებ მოგლეჯილი, ყუმბარებისაგან ქუჩაში დავარდნილ კვერცხის მსგავსად თავებდაჭყლეტილები.
მაგრამ ეს კიდევ ცოტაა. ღმერთმა გააჩინა ისეთი ადამიანები, რომლებიც ერთმანეთსა ჭამენ. მერე იმისდა კვალად როგორც ადამიანები ღმერთზე უკეთესები ხდებოდნენ, ამ ღმერთმა გაუჩინა მათ ცხოველები, რომ ამათ გამოუდგნენ, ყელი გამოღადრონ და მათი ხორცით თავი ირჩინონ. ღმერთმა ეს არ იკმარა. გააჩინა სულ პაწაწუნა ცხოველები, რომლებიც მხოლოდ ერთ დღესა ცხოვრობენ, ბუზები, რომლებიც ერთი საათის განმავლობაში მილიარდობით იხოცებიან, ჭიანჭველები, ფეხით რომ ისრისებიან ხოლმე და სხვები იმდენი, იმდენი, რომ წარმოდგენაც კი აღარ შეგვიძლია ხოლმე. და ყოველივე ეს ერთმანეთსა ჰხოცავს, ერთმანეთზე ნადირობს, ერთმანეთსა სჭამს და განუწყვეტლივ იჟლიტება. და სათნო მამა ზეციერი კიდევ ამათ უყურებს და ერთობა, რადგან ის ყველას ხედავს, როგორც დიდებს, ისე პატარებს, იმათ, ვინც წყლის წვეთებში არიან და იმათაც, ვინც სხვა ვარსკვლავებზე იმყოფებიან. უყურებს იმათ და ერთობა. ეგ რჯულძაღლი, ეგა!..
მაშინ, ბატონო ჩემო, მეც მივყავ ხელი ბავშვების ხოცვას. აბა სეირი ვუყავ ღმერთს, ჰო, ჩემმა მზემ! ეს ბავშვები იმას კი არ ერგო დასახოცად, არამედ მე მხვდა! და კიდევაც დავხოცავდი, მაგრამ დამიჭირეთ და აღარ მაცალეთ. აჰა, გავათავე!
უნდა მომკვდარიყავ, თავი უნდა მოეკვეთნათ ჩემთვის. აბა მაშინ იცინებდა ის მყვარი, ისა!.. ავიღე და მღვდელი ვიხმე და ტყუილები ჩავულაგე. აღსარება ვუთხარი. სულ ტყუილები ვუთხარი; და ცოცხალი გადავრჩი.
ახლა მორჩა. ახლა კი ვეღარ გადავურჩები ღმერთს. მაგრამ აღარ მეშინია მისი, იმიტომ რომ, ბატონო ჩემო, მეტისმეტად მეზიზღება, რომ მაგის შიში მქონდეს”.
საშინელი საყურებელი იყო ეს საზიზღარი ქმნილება, რომელიც სულს ძლივს იბრუნებდა, სლოკინით ლაპარაკობდა, უშველებელ პირს აღებდა, რომ ზოგჯერ წამოესროლა ძლივს გასაგონი სიტყვები, ხრიალებდა, თავის ლეიბის საპირესა ჰგლეჯდა და თითქმის გაშავებულ საბანს ქვეშიდან თავის გაძვალტყავებულ ფეხებს ატოკებდა, თითქო გაქცევა უნდა სადმეო.
ოჰ, საშინელო არსებავ და საშინელო მოგონებავ!
- მეტი არაფერი გაქვთ სათქმელი?
- არა, ბატონო.
- მშვიდობით, ბატონო, დღეს თუ არა, ხვალ…
მივუბრუნდი მღვდელს, რომელსაც მკვდრის ფერი ედო და სხეული შავ აჩრდილად აჰკვროდა კედელზე:
- თქვენ რჩებით, მამაო?
- დიახ, ვრჩები.
მაშინ მომაკვდავმა კბილების ღრჭიალით წარმოთქვა:
- თავისი სვავ-ყორნები ლეშებს უნდა მიუსიოს!..
მე კი მეტი დარჩენა აღარ შემეძლო; კარი გავაღე და გარეთ გამოვიჭერი”.