ამონარიდები გი დე მოპასანის ნოველებიდან…
„იქ, სულში რომ მართლა რამე ჩანდეს, კაცი უფრო ჭკვიანი იქნებოდა…” – (გაზაფხული) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მარტო აყვირებული კაცის დაღებული პირის ნახვა საკმარისია, რომ მიხვდეთ, რა ორომტრიალია ოჯახში!” – (ძია მონჟილე)
* * *
„ქალს რომ უახლოვდები, მარად უნდა ფრთხილობდე, თავი არ გაიფუჭო, გეკრძალვებოდეს, ვაითუ ხაფანგი რამ იყოს სადმე დაგებული. ქალი ოღონდაც მსგავსია ხაფანგისა, როცა გაშლილ ხელებს და გაპობილ ბაგეებს მამაკაცისაკენ გამოიწვდის…” – (მთვარიან ღამეს)
* * *
„სიკვდილი, ეს გაიძვერა დედაკაცი, სხვებთან სულ სხვანაირად იჩენს თავს: თმას უთეთრებს, ამჭლევებს, სახის კანს უნაოჭებს, სხეულს უფრო და უფრო უდუნებს იმდენად, რომ როცა შეხედავთ, ტანში გაგაჟრჟოლებთ და წამოიძახებთ: „ღმერთო, რარიგ გამოცვლილაო!” – (ტუანი)
* * *
„ვინ იცის, რა ხშირად ჩავუვლით ხოლმე გვერდით ჩვენს შესაძლებელ ბედნიერებას და ეჭვიც არა გვაქვს, რომ მას ჩავუარეთ”. – (მეთერთმეტე ოთახი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მიწისძვრა, რომელიც დანგრეულ სახლებს ქვეშ მთელ ხალხს მოაყოლებს ხოლმე, ადიდებული მდინარე, რომელიც დამხრჩვალ გლეხებს საქონლის მძოვრებთან ერთად და სახლის სახურავების კოჭებთან ერთად მოაგორებს, – ან გამარჯვებული ჯარი, რომელიც თავის სამშობლოს დამცველებს ზოგს მუსრს ავლებს, ზოგიც ტყვეებად მიჰყავს, ძარცვავს მახვილის სახელით და ზარბაზნების გრიალზე ღმერთს მადლობას სწირავს, – ყოველივე ეს ისეთივე რისხვაა ღვთისა, რომ ადამიანს ყოველსავე რწმენას უკარგავს საუკუნო სამართლიანობისადმი, უკარგავს ყოველგვარ ნდობას, რომელიც, როგორც გვასწავლიან, უნდა გვქონდეს ზეციურის მფარველობისა და ადამიანის გონებისადმი”. – (ფუნთუშა)
* * *
„სიყვარულის საქმეში, ბატონო, ჩვენ, მამაკაცები, მუდამ გულუბრყვილონი ვართ, ქალები კი – ანგარიშიანები არიან”. – (გაზაფხული)
* * *
„ქალებისთანა სულელი თუ ვინმე კიდევ იქნება! თუკი ერთხელ თავში ჩაიდვეს ვისიმე სიყვარული, მერე მორჩა, სხვა არაფერი ესმით, გონიერება ეკარგვით, პირველი ადგილი სიყვარულისათვის აქვთ დათმობილი, ყველაფერს სიყვარულს შესწირავენ”.
* * *
„რაკი სიკვდილი, ერთი და ერთი, ფეხს შესდგამს სახლში, თითქმის მუდამ ხელახლა მას უბრუნდება, თითქოს იცის, კარები საითაც არისო”. – (შეშლილი ქალი)
* * *
„ბატონო, უფრთხილდით სიყვარულს! ეს სიყვარული ჩამალულია ყველგან; ყოველ კუთხეში გიდარაჯებთ, ცბიერების ყველა მახე დაუგია, ყველა იარაღი გაუმახვილებია, ყოველგვარი მუხანათობა დაუმზადებია! უფრთილდით სიყვარულს!.. სიყვარული საშიშია სურდოზეც, ბრონქიტზეც, პლევრიტზეც! არავის დაინდობს, გამოუსწორებელ სისულელეებს ჩაადენინებს ყველას”. – (გაზაფხული) – (ავტორი გენია.ჯი)