ამონარიდები თენგიზ ჩალაურის მოთხრობიდან – „საგვარეულო სალოცავი”
„ – ბარემ ისიც მითხარი, სად არის ეგ შენი სანაქებო პატიოსნება?! ან კიდევ, თუ სადმე მოიძევება, იქნებ მიმასწავლო ვისა აქვს?.. და თუ აქვს… ისიც გეცოდინება, რას აფასებს და რამდენად ჰყიდის?” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კაცი რომ დაკარგულ დედა-შვილს ერთიმეორეს აპოვნინებ, ამაზე უმეტესით ან ბუნებამ რითი უნდა დაგაჯილდოვოს, ანდა ღმერთმა”.
* * *
„ყოველ ადამიანს ერთი განსაკუთრებული ნიჭი აუცილებლად ჰყვება დაბადებიდან, უმთავრესი იმისი პოვნა და აღმოჩენაა”.
* * *
„ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, რაც არ უნდა მოხდეს, შავს თეთრი მაინც არასოდეს დაერქმევა”.
* * *
„საქართველოში მამების დანატოვარი ქონებით შვილებს არასოდეს მოუწონებიათ თავი, სამაგიეროდ მათი ვაჟკაცობითა და პატიოსანი სახელით მუდამ ამაყობდნენ და იამაყებენ კიდეც!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ისე, შენ თუ სპეტაკად და უცოდველად ის ხალხი მიგაჩნია, ვინც მკერდში მჯიღს იბაგუნებს და პატიოსანი ვარო, გაჰყვირის, დიდად სცდები. მაგათ ნახევარს არაფერი აქვს მოსაპარი და ამიტომ ინახავს სინდისს სუფთად, დანარჩენს კიდევ ციხისა და პატიმრობისა ეშინია. გამბედაობა არ ყოფნის და ძალაუნებურად ისღა დარჩენია, ნაძალადევი პატიოსნებით ყველას თავ-ყბა წააჭამოს. მაგნაირ ხალხს რომ პასუხისგების შიში არ ჰქონდეს, ტკბილი ცხოვრებისათვის საკუთარ ძმას გამოჭრიან ყელს და ნაჭერ-ნაჭერ გაჰყიდიან”.
* * *
„ადამიანსა და გუგულს გარდა ყველა სულიერი გრძნობს, როდის უნდა ააფრინოს ბარტყი ბუდიდან. ჩვენ სიკვდილამდის შვილების ზრდას ვუნდებით, ის უბედური კი დაბადებამდე იშორებს. ახლა ვნახოთ, რა გამოდის მაგ საქმიდან? ისა, რომ კაციცა და გუგულიც მთელი ცხოვრება ერთსადაიგივეს მივტირით – ვერ გავზარდეო!”
* * *
„ეგეც ადამის მოდგმის სენია, საკუთარი სატკივარი სასხვისოც გვგონია და ყველას ერთნაირად შევჩივით”.
* * *
„რწმენა, თუ ის სრულია და ბოროტებას არ უდგას მსახურად, თუნდაც არარსებულისაკენ იყოს მიმართული, პატივისცემას მაინც იმსახურებს, რადგან წმინდა გულიდან და გონებიდან არის გამომდნარი”.
* * *
„ახლანდელი ახალგაზრდობის დიდი ნაწილის მავნე ჩვევა ის გახლავთ, რომ ადამიანს იქამდე დასცინებენ, ვიდრე გაარკვევენ, ჭირს თუ არა მას რაიმე აბუჩად ასაგდები”. – (ავტორი გენია.ჯი)