ამონარიდები ოტია იოსელიანის ავტობიოგრაფიულ ნოველათა კრებულიდან – „საით გავიქეცი და სად წავიქეცი”
„ბიძია, რასაც ვერ შეწვდები, რატომ ეპოტინები?!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ნაცნობს და ჩვენეულს, როცა ვშორდებით და ვკარგავთ, მაშინ უჩნდება ფასი, თორემ რაც დღედაღამ თვალწინ გვიდგას, მომაბეზრებელია”.
* * *
„არიან ადამიანები, გული აქვთ, მაგრამ ხელისგულზე უდევთ”.
* * *
„რამდენად უცნაურადაც არ უნდა მოეჩვენოს ადამიანს, თუ პატივისცემა უნდა, მკვდარს უნდა”.
* * *
„ბედნიერება კარზეც რომ მოგადგეს, თუ მისი ფასი არ იცი და კარები ფართოდ არ გაუღე, რად გინდა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რწმენით აღჭურვილი კოღო მთვლემარე ლომს სისხლს გაუშრობს. ცხვარი მგელს დაგლეჯს, თუ ირწმუნებს, რომ ცხვარი არაა და მგლის მუხლს გამოიბამს, ცხვარს, კაცმა რომ თქვას, უპირატესობაც კი აქვს, რქები. მგელი ურქოა და უპატრონო, კბილები კი, მაგრამ მთლად უკბილობა არც ცხვარს ეთქმის”.
* * *
„ადამიანი თურმე მაინც ადამიანია”.
* * *
„მიწას რომ ფეხს ადგამ და დადიხარ, კვალს უნდა ტოვებდე. შენი მიგნება რომ დასჭირდეთ, კვალს უნდა გამოჰყვნენ, შენეულს, სხვისაში გაურეველს და საკუთარს. ფესვი, ფესვი უნდა გქონდეს გლერტასავით გადგმული, რომელიც შენი მიწიდან გასაზრდოებს”.
* * *
„ადამიანის შესაძლებლობა განუსაზღვრელია. თუ იცი, რომ სხვა გზა არა გაქვს და შეუძლებელი უნდა შეძლო, ოღონდ უკან დასახევი არ უნდა გქონდეს და შეძლებ”.
* * *
„არ ვიცი, ალბათ, ადრე თუ გვიან ყველა თავისი გზით, ოფლით და სისხლით მიდის თავის მიწასთან”. – (ავტორი გენია.ჯი)