ამონარიდი ჯემალ ხოფერიას რომანიდან – „ვტყუივარ შენთან”
„ – ხომ დააკვირდით, ქალბატონო? – იკითხა მძღოლმა, – ვიცნობ მე ამ ქალს, მეტი თუ არა, ასი წლისა ხომ არის და არის. ამ ქალმა ყველა თავისი მოკეთე და შინაური მიწას მიაბარა – ჯერ ქმარი მოუკვდა, მერე ორი შვილი, მერე შვილიშვილები, ზოგი ავადმყოფობით, ზოგიც ისე, რა ვიცი როგორ… თავად კი, როგორც ხედავთ, ცოცხალია და თავისი სიცოცხლით ზედმეტია თითქოს, არავის არ უნდა, კანონზომიერებას არღვევს რაღაცნაირად. მითხარით ახლა ერთი, ხომაა ეს ბედის დაცინვა, ირონია და შეუსაბამობა? არის, ცხადია, მაგრამ ფაქტი ხომ ფაქტად რჩება მაინც? ჰოდა, არის ახლა ეს დედაბერი მარტოდ-მარტოდ, სხვისი ხელების შემყურე, მეზობლის სამადლოდ… თუმცა რატომ სამადლოდ? მეზობელი უვლის – აჭმევს და ასმევს და… უცდის როდის მოკვდება, რათა მისი სახლი მას დარჩეს მერე… მე ყოველდღე ვხედავ ამ დედაბერს, ხშირად დავდივარ ამ უბანში, ჩემდაუნებურად ვუცქერი, ვაკვირდები. გამოვა ქუჩაში და ჯოხის კაკუნით მიჩანჩალებს ტროტუარზე, სანამ არ გადაიქანცება, მანამდე დადის ასე ქუჩის დასაწყისიდან – ქუჩის ბოლომდე. ხომ ქვეყანა უწევს იქ, მაგრამ სასაფლაოზე ერთხელაც არ დამინახავს ეს დედაბერი. იცით რატომ? არ ახსოვს, დაშრეტილი აქვს ყველაფრის გრძნობა, კარგახანია ყველაფერი სულერთია მისთვის. მთავარზე მთავარი კი მაინც ისაა, რომ სიცოცხლე სურს და არც კი ფიქრობს სიკვდილზე. მიწას ვემძიმებიო, ეს ფიქრი არ აწუხებს და არ ადარდებს ქალბატონო მაგას! იქნება ვცდებოდე, მაგრამ მგონია, რომ საერთოდ არავითარი ფიქრი არ აწუხებს მას. როგორც გითხარით, მე ძალიან ხშირად ვხედავ ამ დედაბერს და როგორც კი მას დავინახავ, რატომღაც უსიამოვნო გრძნობა მიპყრობს და სიმძიმე მაწვება გულზე. ხომ უნდა ეცოდებოდეს წესით ასეთი უმწეო არსება ადამიანს, მე კი რატომღაც არ მეცოდება, რატომ, რისთვის, ამას ვეღარ მივმხდარვარ მხოლოდ. და კიდევ, ასე ქვია, ვღიზიანდები მის დანახვაზე და ღმერთს ვეხვეწები ყოველთვის – ასეთი სიცოცხლისა და გაძლებისაგან დამიფარე-მეთქი, ღმერთო… და კიდევ იცით რა მგონია, ქალბატონო? ჩვენ ჩვენი არსებობით ვიღაცას ვაღიზიანებთ ალბათ, ვიღაცას ვემძიმებით, მძიმე ტვირთად ვაწვებით და ზედმეტად ვჩანვართ. თქვენი არ ვიცი, მე კი ბევრი რამ ვერ გავიგე ამ ცხოვრებაში, ნამდვილად ვერა. მაგრამ, შეიძლება არც იყოს ეს დიდად გასაკვირი. ყველაფერი რომ გაიგო, მიხვდე და აღიქვა, ალბათ ყველაფრის მიხვედრის ნიჭია ამისათვის საჭირო. ნიჭი და საოცარი ალღო, ინტუიცია. ამით კი ყველანი როდი ვართ დაჯილდოებულები და ასეთები იშვიათი გამონაკლისები არიან მხოლოდ…”