ამონარიდები აკაკი მუხურაძის რომანიდან – „გამჭირვალე ნიღბები”
„არასოდეს არ გაერიო ბინძურ თამაშში. სიბინძურეს ყოველგვარ საგანს გააცლი კაცი, გარეცხავ, გაასუფთავებ, მხოლოდ სულს ვერა! სულში სიბინძურე წარუშლელ ლაქად რჩება და ისევე ხელშეუხებელია, როგორც გუშინდელი დღე!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რამდენი ოხერია, ძმაკაცობას რომ გიმტკიცებს, მაგრამ თუ გაუჭირდა, ჟანგიან შაურიანში გაგცვლის”.
* * *
„ადამიანის თვალი ისევ ისეთია და ისე გიჩვენებს ქვეყანას, როგორც მილიონი წლის წინათ, როცა ჩვენი წინაპარი შიშველ-ტიტველი დატანტალობდა აღმა-დაღმა და თავში არაფერი ეყარა. სამაგიეროდ ახლა ცხოვრება შეიცვალა. მაგალითად, ადრე დაინახავდა ადამიანი ქვას, დაავლებდა ხელს და ჩაგიშვებდა თავში, ახლა იმავე ქვას დაინახავს თუ არა, დაავლებს ხელს, მერე მეორე ქვას მოძებნის, ააკოკოლავებს ერთიმეორეზე, გადახურავს და შემდეგ გიმტკიცებს, გინდა თუ არა ეს სახლიაო და ათაიათასს ისე დაგიფასებს, თვალსაც არ დააფახულებს, ამიტომ დღეს ადამიანმა თვალები უნდა დახუჭო და ქვეყანას გონებით უცქირო. თვალს შეცდომაში შეჰყავს ადამიანი”.
* * *
„ – ძაღლსა და ღორს სიტყვა – პატიოსნება აკერია ენაზე და თუ ჩქარა არ ვუშველეთ რამე, ეგ ისეთივე გამოუსადეგარი გახდება, როგორც დღის სინათლეზე გახსნილი, გამოუმჟღავნებელი ნეგატივი, ბუნების მშვენიერება რომ აღბეჭდეს ზედ. დარჩება მერე კაცობრიობა ამ წმიდათაწმიდა სიტყვის გარეშე და თუ ვინმეს შემორჩება აქა-იქ პატიოსნება, ეს უკვე ადამიანობის უსახელო სამკაული იქნება”.
* * *
„ქალებს უაღრესად დახვეწილი შეგრძნების უნარი აქვთ: ნებისმიერ მანძილზე აღიქვამენ მამაკაცთა დაჟინებული მზერის მნიშვნელობას”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჯერ კაციშვილი არ მოუკლავს იმაზე დარდს, ჩემს საკუთარ ცხოვრებას რომ ვქმნიდი, ხომ არაფერი შემშლიაო!”
* * *
„სიცრუე და თვალთმაქცობა, როგორც ჩანს, გამონაკლისთა უნარია და ჯერ მთლად არ დავღუპულვართ”.
* * *
„არ შეიძლება დაუპირისპირდე ცხოვრების მდინარებას. მის მიმართულებას განვითარების ობიექტური კანონები განსაზღვრავენ და ერთეული ადამიანები უძლურნი არიან რაიმე შეცვალონ, თუნდაც მათი მოქმედება ოფიციალურად აღიარებულ, კანონიერ საფუძველს ეყრდნობოდეს”.
* * *
„პატიოსნებაზე და სიკეთეზე უპატიოსნობას და ბოროტებას არასოდეს გაუმარჯვია”.
* * *
„ცხოველები არიან ასე: რაც სურთ, იმას აკეთებენ!” – (ავტორი გენია.ჯი)