ამონარიდები აკაკი მუხურაძის რომანიდან – „გამჭირვალე ნიღბები”

„ქვეყანაზე სტუმრისთანა საყვარელი არაფერია! მაგრამ თუ ტრადიციულად დადგენილი ვადები დაირღვა, სტუმარი უკვე მოსაბეზრებელი ხდება, ხოლო სტუმრობა თუ ხიზნობაში გადაიზარდა… ღმერთმა დაგიფაროს!” - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სიცოცხლე ტილოა, რომელიც ადამიანს ერთხელ ეძლევა ავტოპორტრეტის შესაქმნელად! არ უნდა დააყოვნო, არც უნდა აჩქარდე, უნდა ხატო დინჯად, სუფთად, შეუცდომლად, არ უნდა შეგეშალოს, რასაც დახატავ, ვეღარასოდეს წაშლი!”

* * *

„შეუვალია ნება განგებისა – პირველივე შეხვედრიდან გულგრილად ანიჭებს ერთ მოკვდავს მეორეზე სურვილთა კარნახის უფლებას და მერე იშვიათად ცვლის ამ უთანასწორო ურთიერთობას”.

* * *

„ცხოვრება კოსმოსივით უძირო და უკიდეგანოა. ყველაფერს, ავს და კარგს ერთ დიდ ქვაბში ათავსებს და მერე, დროდადრო, დუღილში წარმოქმნილ ქაფს და სიბინძურეს ქაფქირით აცლის”.

* * *

„ – ადამიანსა და ცხოველს შორის საზღვარი წაიშალა. ხშირად ვერ ერკვევი, სად თავდება ცხოველი და სად იწყება ადამიანი”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – ცოდნა ხშირად მეტიჩარასავით ყოფს ცხვირს საქმეში და ყველაფერს აფუჭებს. მცოდნეებმა და ჭკუის კოლოფებმა დაღუპეს ეს ქვეყანა. რამდენი მცოდნე და ნასწავლი დაწანწალებს ახლა ამ ქვეყანაზე, დადის ნაწლავებგამორეცხილი, შარვალი რომ არ ჩაუვარდეს, სათავე ხელით უჭირავს. შეგეცოდება, საქმეს მისცემ, დაეხმარები, როგორც კი გამოძღება, შარვლის სათავიდან ხელს გამოინთავისუფლებს და ინტრიგნობას გიწყებს. რისი იმედით? სწორედ მაგ ოხერი ცოდნის იმედით, თავის უპირატესობას გიმტკიცებს დღეს ძმაო, ერთგულება ცოდნაზე უფრო გვჭირდება; ერთმანეთის გატანა, ერთმანეთის ნდობა და სიყვარული ჰაერივით გვჭირდება ხალხს. ვიყოთ ტკბილად, შენც იცხოვრებ, მეც მაცხოვრებ, შურით და მტრობით რას მოვუტანთ ჩვენს გაუბედურებულ ერს?!”

* * *

„ – ცხოვრებაში ყველაფერი ბრძოლით მოიპოვება!”

* * *

„ – მართლაც, რაც უფრო დააკვირდები ადამიანს, მეტ-ნაკლებად რომელიღაც ცხოველს აღმოაჩენ მასში, რაღაც ნიუანსს დაიჭერ ისეთს, რაც რომელიმე ცხოველს მოგაგონებს!”

* * *

„ – მას შემდეგ, რაც ღმერთი გააბითურეს, ჩემო ბათუ, – დინჯად დაიწყო გვაჯიმ, – კაცს მარტო შენი თავის უნდა გწამდეს, არაფერი არ უნდა დაზოგო, რომ შენსას მიაღწიო: მოატყუე, გააცურე, წააქციე, გათელე, წაგლიჯე, ამისთვის ღმერთი პასუხს ვეღარ მოგთხოვს. სინდისი კი ხალხის მოგონილი საფრთხობელაა – ჩიტების შესაშინებელი, რომ შაქრის ღვინის შესაზავებელი ყურძენი არ დაკენკონ”.

* * *

„ – დამეთანხმებით, ღმერთს არაფერი შეუქმნია ამქვეყნად იმაზე დიდებული, ვიდრე ქალის ეშხით დამბნედი თვალები, ნეტარით სავსე ტუჩები, აყვავებული ნუშივით მთრთოლვარე და ვარდის სურნელივით დამათრობელი მკერდი, შოლტივით ჩამოქნილი ფეხები და ყველაფერი დანარჩენი თავისი ძნელად მისაწვდომი ედემით, საითკენაც მიმავალი გზა უზენაეს ბედნიერებას გვანიჭებს, მამაკაცებს! ” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>