მრავლისმეტყველი ამონარიდი ოტია იოსელიანის პიესიდან – „სანამ ურემი გადაბრუნდება”

კესარია: კი მარა, შვილები ეყოლებათ, შე კაცო, მომავალი გაგვიჩნდება.

აგაბო: ერთი გოგო?

კესარია: რატომ, შე კაცო, იქნებ ბიჭი იქნეს.

აგაბო: ერთი?

კესარია: აბა, ახლა მამაშენივით თერთმეტს ხომ არ დაისევენ.

აგაბო: მე, კესარია, სადმე უცხო ადგილს რომ მოვხვდებოდი, მრცხვენოდა ოთხი შვილის გამხელა და შვიდი ბიჭის მამა ვარ-თქო, ვამბობდი, ქალო, ოთხს ერთი გოგო?

კესარია: რატომ გინდა ყველაფერს ნიორწყალი გადაასხა. ბიჭიც იქნება, შე კაცო. მერე ზაფხულობით აქაც ჩამოვიყვანთ.

აგაბო: გოგოზე და ბიჭზე კი არ მაქვს საქმე! ერთი ახლაც ხომ გვყავს, ვინ მიგზავნის, ან რად მინდა…

კესარია: ჩაგიქვავდა ენა, შვილიშვილი არ გინდა?!

აგაბო: რატომ გიკვირს, არ მინდა. ბოვშვს თუ ვერ დაველაპარაკე და არ დამელაპარაკა, ზევით სურათების მთელი ალბომი მაქვს.

კესარია: შემოევლოს ბებია, ისე ასხარტალებს ინგლისურს, აგაბო, ვერ გავუძელი და ავტირდი, ენას კი ვერ გავუგებთ, მარა მივეფერებით, მივესიყვარულებით.

აგაბო: თუ ვერაფერი ვუთხარი და მითხრა, მე, შე ქალო, ძროხა კი არა ვარ, ენა ავუსვა და ვლოკო. თუ ამ ბუხარს არ დაელაპარაკა და იმ ხეს ვერაფერი გააგებია, თუ ვენახს ვერ უწამლა…

კესარია: ვენახს, ვენახს, ასწავლე იმ ვენახის გასხვლა და ის იქნება!

აგაბო: არ გამოვა. მე ახლა ცხრაასი ძირი ვენახი მაქვს. ცხრაასივეს ჩემი ბიჭებივით ვიცნობ. შვიდი ჯიშის ვაზი მაქვს შიგ გარეული. ამას წინათ კახეთიდანაც ჩამოვიტანე რქაწითელი, იყოს რავარიც იქნება და, შენ რავა გგონია, ყველას თავისებურად ველაპარაკები. ახლა, იმ რქაწითელს პატარა კახურად თუ არ მოვუქციე: „შე დალოცვილო, რავა ხარ განა!” – ეგერ, ღობის კიდეზე რომ ადესა მაქვს დარგული, თუ გურულად არ შევეხმიანე: „ძამია, რავა გიკითხო, შე აბდალო!” – რაჭულ თეთრას თუ არ დაუდინჯდი: „ქვე შენი ჭირიმე” არ დაუძახე – მოსავალს არ მოგცემს. ქართლის ჯიში ხომ მაქვს და მაქვს. გაგიკვირდება, სვანურიც მაქვს, ინგლისური კი კი არა, ქართული რომ ქართულია, იმასაც თუ იმ სოფლის კილოზე არ მოუქციე, სადაც დაიბადა, ვერ გაუგებ. აგერ, სახლის გვერდზე რომ მარტვილიდან ჩამოტანილი ალადასტური მაქვს „სულ სკანი გული ვოლუაფირუს” ვეძახი და ყოველ წელიწადს მაინც არ ისხამს. შენ რავა გგონია, ინგლისურად ილაპარაკებს ის შენი ბუხუტის ბიჭიც?

კესარია: მაგი მენახოს და…

აგაბო: კაი შენ, თუ ნახე, მარა რას ნახავ.

კესარია: თუ არ ვნახავ, ხომ გავიგებ.

აგაბო: ჰო, გაგებით გაიგებ თუ არა, ნახვით – ვერა, კესარია. ეს ახლა ბუზივით რომ გეხვიენ თავზე დაგავიწყდა? ჩემს დასამარხად იყვნენ ჩამოსული. მორჩა. მე თავისუფალი ვარ, კიდევ შენს დასაფლავებაზე ჩამოვლენ, მაშინ ერთხელ კიდევ ნახავ ყველას, ეს იქნება და ეს. ვტყუივარ? იმ კარგი დედ-მამის სული ნუ წაგიწყდება, არ მომერიდო, კესარია, მითხარი თუ ვტყუივარ!

კესარია: მართალია, აგაბო…

აგაბო: არა, ჩემო კესარია, ასე, ამნაირად, არაფრით არ შეიძლება ცხოვრება…”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>