ამონარიდი აკაკი მუხურაძის რომანიდან – „გამჭირვალე ნიღბები”
„ – სამშობლო თუ გიყვარს?
- მიყვარს, აბა არა?
- იცი კი, რა არის სამშობლო?
- მაგის სადღეგრძელოებში ვაღამებ და ვათენებ და მეტი რა ვიცი, კაცო!
- მაინც, როგორ წარმოგიდგენია სამშობლო?
- ჩემი სამშობლო, ჩემო ბოცო, სწორი თუ გინდა გითხრა, ჩემი კომბინატია, საიდანაც პურს ვჭამ და სული მიდგას. დანარჩენი: მიწა-წყალი, კუთხე-მუთხე და კერა-მერა ჟორჟიკა ბიჭების მოგონილია, თუ გინდა, სიმართლე იცოდე.
- მოხუც პაპაჩემს, – თქვა მან, – ვირმა შვილებმა რომ მიატოვეს, მარჩენალის სახით ერთადერთი თხა შემორჩა. ესე იგი, თქვენი ჭკუით პაპაჩემის სამშობლო – თხა ყოფილა?
- რძეში მოხარშულ ციკანს რა სჯობია! – უადგილოდ წამოისროლა გვაჯიმ.
ბოცომ ჭიქა შეავსო, გვაჯის გაუწოდა, თავად ბოთლი აიღო და მიუჭახუნა:
- თხებს, ღორებს, ძროხებს, კომბინატებს და ასე შემდეგ, გაუმარჯოს! – გვაჯიმ უხმოდ გამოცალა. ბოცომ ბოთლი მაგიდაზე დადგა და უაზროდ წარმოთქვა”
„ის უცხო მხარეს გარდაიცვალა,
და გახელილი დარჩა თვალები”.
წამით შეჩერდა, გვაჯის მზერა მიაპყრო და განაგრძო, – თქვენ კომბინატის დირექტორი ხართ, ეს ფაქტია და მე არ შემიძლია ვაპატიო ქვეყანას რომელმაც ასეთი პარადოქსი დაუშვა: პატივი ვცე იმ ხალხს, რომელიც თქვენ გა-დი-რე-ქტო-რებთ!”