ამონარიდი აკაკი მუხურაძის რომანიდან – „გამჭირვალე ნიღბები”
„ – იცი, რა გითხრა, შამშოვიჩ? ჭკვიანი კაცი თავზე დაგაჯდება და როცა იქნება, ამ კაბინეტიდან გამოგაპანჩურებს. ისე, მე თუ მკითხავ, ჭკვიანი და რიგიანი კაცი უფროსობაზე არც დებს თავს. უფროსობისაკენ უფრო ისეთი იქაჩება, ხელში არაფერი ნაღდი საქმე რომ არ უჭირავს. განა ჭკვიანებიც არ არიან? არიან, მაგრამ ქვეყანა მაგათ გადაეკიდება ხოლმე და სანამ არ მოუღებენ ბოლოს, მანამ არა სძინავთ. შენ რომ იცოდე, ჭკვიანი კაცი ღმერთსაც არ უყვარს, ამიტომაც მოადგილე არა ჰყავს, რა ჰქნას? გიჟი აიყვანოს? ინფარქტი ზედ აქვს, ჭკვიანი აიყვანოს? ადგილს წაართმევს. ისე, შამშოვიჩ, რაც მეტი გიჟი და სულელი გეყოლება, ის გერჩიოს, იმათ გვერდით სოლომონ ბრძენად გამოჩნდები. მთავარი, შამშოვიჩ, ის არის, მუშაკაცი გყავდეს მადლიერი და საქმე აკეთებინო. მუშაკაცს თუ კუჭი ცარიელი არ აქვს, იმას ფეხებზე ჰკიდია, ჭკვიანი უფროსი ჰყავს თუ სულელი. აბა ერთი მოაშიე და მერე უმტკიცე, მე ჭკვიანი ვარო! იცი, რას გიზამს? ქვეყანაზე, გვაჯიჯან, სამი რამეა საშიში: მიწისძვრა, წარღვნა და ცეცხლი. მაგათზე უფრო საშიში იცი, რა არი? – მშიერი ხალხი”.