ამონარიდი აკაკი მუხურაძის რომანიდან – „გამჭირვალე ნიღბები”
„ – მომისმინე გვაჯი, მე თავისუფალი ქალი ვარ. არ შემიძლია ვინმეს ვეკუთვნოდე, მე სრული თავისუფლება მინდა, გესმის? რაც მსურს, იმას ვაკეთებ. ხომ უნდა გამიგო? მე არავის ვეკუთვნი, ჩემს სხეულს ჯერ არცერთი მამაკაცი არ დაუფლებია მესაკუთრის პრეტენზიით. შენ როგორ გგონია, ძალიან მინდა ის სირაქლემა? – და კაფანდარაზე აჩვენა, – ყელში მაქვს ამოსული, ან ის ლოქო; – და მელოტ ბღენძზე მიანიშნა, – ნამდვილი სადისტია. ის ბეჰემოტი კი, – მეორე ბღენძზე მიუთითა, რომელსაც საოცრად წვრილი თვალები და საზიზღარი დრუნჩი ჰქონდა, – ისეთ რამეს მთხოვს ხოლმე, იმის თქმაც კი საძაგლობაა. რაფო მაინც კაცია მგონი, ვუყვარვარ კიდეც, მაგრამ მე არა მაქვს სურვილი ვინმეს ვუყვარდე. სიყვარული იდიოტური გრძნობაა. სიყვარული თავისუფლების ყველაზე დიდი მტერია, რაღაც სულელური ვალდებულებებით გბორკავს და მთელ ცხოვრებას გიფუჭებს. თავისუფლება სიცოცხლეს მირჩევნია! შენ გგონია, მე არ მეზიზღებიან? მაგრამ ამათ რომ ვუყურებ, სიძულვილს მთელი ძალით შევიგრძნობ ხოლმე და ეს მსიამოვნებს. სწორედ ეს გრძნობა მკარნახობს თავისუფლების სიყვარულს. თავისუფლება რომ გიყვარდეს, არავინ არ უნდა გიყვარდეს. ერთდროულად ორი სიყვარული შეუძლებელია. ეს ნივთები, რასაც აქ ხედავ, ჩემმა თავისუფლებამ და სიძულვილმა მომაპოვებინა. არც ამ ნივთებზე ვარ შეყვარებული, უბრალოდ მსიამოვნებს და ერთდროულად ყველაფერია ჩემთან: სიძულვილი, სიამოვნება და თავისუფლება. ადამიანისათვის კი ეს სამივე ერთად უფრო საჭიროა, ვიდრე ერთი სიყვარული”.