ამონარიდი ნოდარ წულეისკირის მოთხრობიდან – „დავით აღმაშენებლის ქვა”
„პანტემ ფიქრში გალია ოხვამეკარის აღმართი. ალაგეზე გადააბიჯა და ეკლესიის ეზოში შევიდა, ხის ძირას შედგა, მდელოზე დაყრილ ნასუფრალსა და ნაგავს დააშტერდა. ხელად გადაავიწყდა ნოე, სკოლა, პედაგოგები… ახალმა ფიქრმა და საზრუნავმა მოიცვა მისი გონება; წუხელ მის მიერ დალაგებულ-დაკვანწილი საყდრის ეზო საღორედ უქცევიათ მოქეიფეებს. თავი გადააქნია, ჩაიცვა სამუშაო ხალათი და საქმეს შეუდგა. ჯერ ნამუსრევი აალაგა. საყდრიდან ცოცხი გამოიტანა და დავით აღმაშენებლის ქვა გადაგავა, თან ფრესკებს გაუბა საუბარი:
უნდა გვაპატიოთ, წმინდა მამებო! ამ უბირ და უმეცარ მოქეიფეთ ჭკუა არ მოეკითხებათ, არ ესმით, რასაც სჩადიან. პირუტყვივით წუთისოფელს ისე გალევენ, ერთხელ არ იკითხავენ, ვინ იყვნენ მათი წინაპრები, რატომ დგას ეს საყდარი აქ, როდიდან დგას, ვინ ააგო… ოღონდ მუცელი ამოიყორონ და სხვა არაფერი აწუხებთ.
თქვენ თვითონ განსაჯეთ, გარდა პირუტყვისა, ვინ იკადრებს ამას? პირუტყვს კი ღმერთი არ განიკითხავს პირუტყვობისათვის. მაგრამ არაფერია, სოფელი დიდია, სოფელი მარტო ამათი როდია…
გუშინწინ გადავგავე, გავასუფთავე აქაურობა. წუხელ ისევ გაუბინძურებიათ. აქ ამოსვლა კი არ მეზარება, გული მწყდება. ვინც წინაპართა საფლავებს პატივს არ სცემს, იმას როგორ მოვთხოვოთ ვაჟკაცობა, რაინდობა, სამშობლოს სიყვარული, პატიოსნება… ყველა ეს სათნოება კი ადამიანს ამშვენებს.
ამ სათნოებათა გარეშე ადამიანი ნადირს ემსგავსება, სოფელი კი უდაბნოს, სადაც ეს ნადირები დათარეშობენ.
როცა თქვენთან ვსაუბრობ, სულში სწორედ უწმინდესი გრძნობანი იღვიძებენ: ასე მგონია, მართლა გელაპარაკებით, მართლა აიდგამთ ენას და დარბაისლური ქართულით წარსულის ამბებს მომიყვებით…
ჩუ! რაღაც ხმები ისმის… ალბათ ისევ საქეიფოდ ამოდიან…”