ამონარიდი ბოლესლავ პრუსის რომანიდან – „თოჯინა”
„ქუჩაში ეკლესიის წინ და უკან დადიოდა, შიგ ვერ შედიოდა და ვეღარც თვალს აშორებდა ეკლესიას.
„ახლა შევალ, – ფიქრობდა ის, – ახლავე… კიდევ ერთი წუთი… ეჰ, რა მემართება?” – დაუმატა განაწამებმა, რადგან გრძნობდა, რომ მის აფორიაქებულ სულს უყოყმანოდ ესოდენ უბრალო ნაბიჯის გადადგმაც არ შეუძლია.
ამ დროს გაახსენდა, რომ დიდი ხანია ეკლესიაში არ ყოფილა.
„როდის იყო ეს?.. ერთხელ ქორწილის დღეს… მეორედ – ცოლის დაკრძალვისას…”
მაგრამ არც პირველად, არც მეორედ კარგად არ ესმოდა, რა ხდებოდა მის ირგვლივ. ამიტომ ამ წუთსაც ეკლესიას ისე შესცქეროდა, როგორც მისთვის ახალ რაღაცას.
„რის მაქნისია ეს უზარმაზარი შენობა? კვამლსადენის მაგივრად სამრეკლო აქვს, შიგ კი არავინ ცხოვრობს, მხოლოდ დიდიხნის გარდაცვლილთა გვამები ასვენია… რისი გულისათვის დაიხარჯა ამდენი ადგილი და ქვა, ვისთვის ანთია დღედაღამ ეს სინათლე, რატომ გროვდება აქ ამდენი ხალხი, რა მიზანი აქვთ?
ბაზარში სურსათისათვის დადიან, მაღაზიაში საქონლისათვის, თეატრში გასართობად, აქ კი რისთვის?..
იგი თავისდაუნებურად ადარებდა ეკლესიაში შეჩუქებულ მორწმუნეთა პატარა სხეულებს წმიდა ტაძრის ვეება სიდიადეს და უცნაური აზრი დაებადა. როგორც ოდესღაც დედამიწაზე ძლიერი ძალები მოქმედებდნენ, რომელთაც ხმელეთზე მთაგრეხილები აღმართეს, მსგავსად ამისა, კაცობრიობაში ძველად სხვა განუზომელი ძალა არსებობდა, რომელიც მსგავს ნაგებობებს აშენებდა. ამ შენობების შემყურემ შეიძლება იფიქრო, რომ ჩვენი პლანეტის წიაღში ბუმბერაზები ცხოვრობდნენ, ზემოთკენ სწრაფვის დროს ისინი მაღლა სწევდნენ დედამიწის ქერქს და ამ მოძრაობის კვალს საოცარი გამოქვაბულების სახით სტოვებდნენ.
„საითკენ მიისწრაფოდნენ? განსხვავებულ, თითქოს ზესამყაროსაკენ. თუ ზღვის მიმოქცევა ამტკიცებს, რომ მთვარე მოჩვენებითი სიკაშკაშე კი არა, რეალური ჭეშმარიტებაა, მაშ ამ უცნაურმა შენობებმა რატომ არ უნდა დაადასტურონ იმიერი სამყაროს რეალობა?.. განა იგი ნაკლები ძალით იზიდავს ადამიანთა სულებს, ვიდრე მთვარე ზღვის ტალღებს?!
ვოკულსკი ეკლესიაში შევიდა და მის თვალწინ ახალი სანახაობა გადაიშალა. რამდენიმე მათხოვარი ქალი და კაცი იმ გასაკითხს ითხოვდა, რომლითაც ღმერთი გულმოწყალეთ საიქიოს ასაჩუქრებს. ზოგიერთი მლოცველი, რომის სახელმწიფოს მიერ ნაწამებ ქრისტეს ფეხებს უკოცნიდა, სხვანი ზღურბლთან მუხლებზე დაცემულიყვნენ, თითქოს იმქვეყნიურ ზმანებებს ხედავდნენ. ეკლესიაში ბნელოდა. ვერცხლის შანდლებში დანთებული ათიოდე სანთლის შუქი ბინდს ვერ ფანტავდა, ტაძრის ფილაქანზე აქა-იქ ბუნდოვნად მოჩანდა პირქვე განრთხმული თავდახრილ ადამიანთა ჩრდილები, რომლებიც თითქოს იმას ცდილობდნენ, თავიანთი მორჩილებით აღსავსე რწმენა უცხო თვალისაგან დაეფარათ. ამ უმოძრაო სხეულების შემყურეს შეგეძლო გეფიქრა, რომ მათი სული ხორცს დროებით განეშორა და სადღაც უკეთეს სამყაროში გადასახლებულა.
„ახლა მესმის, – გაიფიქრა ვოკულსკიმ, – რატომ ანმტკიცებს ეკლესიაში სიარული რწმენას. აქ ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ უკვდავება გაგახსენოს”.