ამონარიდები გივი კარბელაშვილის მოთხრობიდან – „ამხანაგი თუ მეგობარი?!”
„მართლაც, რატომ არის, რომ პირველსავე ტკივილზე, სულისა იქნება თუ ხორცის, დიდი თუ პატარა, უკურნებელი თუ წუთიერი, ადამიანი არავის უხმობს – არც მამას, არც ძმასა და დას, არც სხვა საყვარელ არსებას, შვილებსაც არ გაიხსენებს, არა – ვაიმე დედას ამოიძახებს მხოლოდ, თანაც ყველა შემთხვევაში – ჰყავს გვერდით თუ შორს არის მისგან, ცოცხალია თუ დიდი ხანია გასცლია ამ წუთისოფელს, ანდა სულაც აღარ ახსოვს ადრე დაკარგვის გამო. დედას იმ შემთხვევაშიაც კი უხმობს, როცა ის უღირსია, დედობას გაჰქცევია, შვილი მიუტოვებია… თუმცა ადამიანი ისე ყოფილა თურმე შობილი, რომ მძიმე წუთებში საკუთარ დედას მყისვე შეუნდობს მშობლისეულ იმ დანაშაულს, რასაც სხვის მშობელს არასოდეს შეუნდობდა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მამის ქირდვა შვილებისათვის ყოველთვის ადრეა”.
* * *
„დაისი და ალიონი რაღაცით ჰგვანან ერთმანეთს, ალბათ, უდღეური მზის შუქით…”
* * *
„ – მხეცთან დაძმობილებით, აბა, ვის გაუხარია?!”
* * *
„წესია ცხოვრების – ერთი გზიდან მეორე გზაზე გადასვლის დროს ყველა ასაკისა და გამოცდილების ადამიანი აუცილებლად ღელავს, შფოთავს, განიცდის შეუჩვეველ მომავალს”.
* * *
„მართლაც, ურწმუნო ადამიანზე შემზარავი და საშინელი არსება ქვეყნად არ არსებობდა, არ არსებობს და არც იარსებებს. ურწმუნო კაცი კარგად მოწყობილი საბუდარია ქვეყნად არსებული ყოველგვარი სიმახინჯისა, რამეთეუ ურწმუნობა ბადებს კაცთმოძულეობას, შურს, მტრობას, კაცისკვლის უნარს, უნამუსობას, სიყალბეს, თვალთმაქცობას…”
* * *
„დრო ძალიან ულმობელია… თან გულმოწყალე და პირუთვნელი! გულმოწყალეა იმიტომ, რომ კაცს თვალებს აუხელს, თეთრსა და შავს განასხვავებინებს, სიკეთისაგან ავს გამოარჩევინებს და ამ თვალთახედვაში ადამიანს არ დაზოგავს…” – (ავტორი გენია.ჯი)