ამონარიდები გივი კარბელაშვილის მოთხრობებიდან…

„სიკეთე ყოველთვის კეთილითვე როდი ბრუნდება… ამან არ დაგაღონოს, სიკეთის თესლი არ იკარგება, გაღვივებისა და ამოსვლის დროს ქვა და მუდრეგი თუ დახვდა, გვერდს აუქცევს და სხვა მხრიდან ამოვა. მაგრამ მაინც ამოვა, არ დაიკარგება, შენეული გაწეული სიკეთე იქ მოგცემს ნაყოფს, სადაც არ ელოდები. მოულოდნელად, წამომდგარი სიკეთე კი უფრო ტკბილია, ვიდრე წინ-წინ ნაცოდნი”. – (ბებია) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – ქვეყანას, ჩემო გიო, ვირი კი არა, ბრძენი დაღუპავს… რაც მეტია ბრძენი, მით უბედურია ერი. საბედნიეროდ, ბრძენი ნაკლებია, ვიდრე ვირი. უბედურება მაშინ ნახე, როცა ქვეყანას გაბრძენებული ვირები შეესევა”. – (გაფანტული სიცოცხლე)

* * *

„ეგრე ყოფილა ადამიანი მოწყობილი – ძალა ეცლება, გული კი ერჩის ადრინდებულად, ასაკსა და ჟამს არ ეპუება, სიცოცხლესთან ჭიდილს ლამობს და ვაი იმას, იმ ადამიანს, ვინც ცხოვრების ამ მიტმასნებას ხელს შეუშლის, ნიადაგს გამოაცლის, კავშირს გაუწყვეტს…” – (იმედი)

* * *

„ღმერთო! რამ გააუცნაურა ეს მეოცე საუკუნე, ქალი ქალს აღარა ჰგავს, კაცი კაცს! ქალებმა კაცებს ყველაფერი გაუთანაბრეს – თანასწორობა, შრომის უფლება, ხელობები… ბოლოს, შარვალიც”. – (კაცური კაცი?!)

* * *

„სიბერე მწარეა, თუ ადამიანმა ზედმეტად, ურგებად იგრძნო თავი, თორემ უბერებელი შენი მტერი იყოს”. – (ბებია) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ლამაზად სიკვდილი სიცოცხლეშიც შეიძლება… სპორტსმენი, რომელიც სპორტიდან ახალგაზრდა გადის, იგი ფიზიოლოგიურ სიკვდილზე ადრე სულიერად კვდება, ლამაზ ქალს ყელთან ნაოჭი რომ გაუჩნდება, იმისი სილამაზის სიკვდილიც მაშინ იწყება. მსახიობს თავის საყვარელ როლს რომ აღარ მისცემენ ასაკის გამო, ისიც მკვდარია, მაგრამ ყველას როდი შეუძლია იმ სიკვდილის დროზე აღქმა და ლამაზი სიკვდილით იმ უკანასკნელი დიდი ტანჯვის გადატანა, რამეთუ ყველა სიკვდილი შემზარავია და ყველა ნერვს აძიგძიგებს, ლამის ცოცხლად ამსხვრევს ადამიანს”. – (რაღა გამიხარია!)

* * *

„სხვისი ჭირი – ღობის ჩხირი”, მართლაც დალოცვილი ნათქვამია, კაცის თავდასაცავად მოგონილი და დაკანონებული. ეს რომ არა, კაცური გულგრილობა რომ არ შეექმნა თვითონ კაცს, რაღა გვეშველებოდა დედამიწის მკვიდრთ, დედამიწისა, რომელზედაც თანაბრად ბოგინობს სიკვდილიცა და სიცოცხლეც, ცრემლიცა და სიცილიც, კაცის კვლაცა და დაბადებაც, სიყვარულიცა და მტრობაც. ერთი რომ კვდება მარტოდ, ეულად, მეორე სადღაც ხარობს ძის ან ასულის დაბადებით, ერთს რომ ტკივილი კრუნჩხავს, მეორეს სადღაც სიხარულისა და ბედნიერებისაგან სახე უღიმის, ერთი რომ მეორეს კლავს, მესამე სადღაც მეოთხეს ეფერება და ესიყვარულება – ესაა ცხოვრება, ესაა კაცი და ადამიანი თავისი ავით, თავისი კარგით!” – (მესაფლავე)

* * *

„ქართველი კაცი, საერთოდ, ძნელად გუობს უცხო გარემოს. სადაც უნდა იყოს ქართულ მიწაზე დაბადებული, როგორადაც არ უნდა ცხოვრობდეს, ავად თუ კარგად, გული მაინც აქეთ მოუწევს… ეს ჩვენი ქართველური თავისებურებაა”. – (იმედი)

* * *

„გაგიგონიათ ალბათ, რომ თუ მამას ყველაზე ახლობლად და საყვარელ შვილად ხელგამართული თუ ბედგაღიმებული შვილი ეგულვის, დედას პირიქით – წაბორძიკებულსა თუ გზასაცდენილ შვილზე უფრო მეტად უდევს გული… დედაშვილობის ამ ბრძნულ მაწონასწორებელ სასწორს დიდი მადლი აქვს…” – (რაღა გამიხარია!)

* * *

„წინ მავალმა უკან უნდა მოხედოს ხოლმე გზასაცა და იმ გზაზე დარჩენილ მოყვასს, სისხლსა და ხორცს, თორემ, ხომ იცი, მარად წინ მავალი კაცი ქვეყანაზე არცა ყოფილა, არც იქნება… ბოლოს, ადრე თუ გვიან, ყველას გაჩერება უწერია სიცოცხლის სავალზე. ჰოდა, უკან მოხედვის მაგალითი თვითონ რომ არ მისცე შენს მონაგარს, ისინიც შენსავით მოუცლელობით გიტკენენ ხსოვნას”. – (ბებია) – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>