ამონარიდები თენგიზ გოგოლაძის რომანიდან – „კაცი კაცითა”
„მამლები ყივიან. პირველი ყივილია და განთიადამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. ყივიან ახლო, ყივიან შორს. ყივიან გაბედულად, ყივიან გაუბედავად, ყივიან, რადგან შეყივლების მოვალეობას იხდიან, ვისაც როგორ შეუძლია. ზოგი რიხიანად გასძახის ქვეყანას, ზოგი კი მხოლოდ თავის არსებობას ამცნობს თავის პატრონს. მისი ხმა შორს არ გადის. ის დალეული და უმაქნისი გაუჩენია ბუნების ძალას. ასეა ადამიანებში, ცხოველებში და მცენარეებშიც კი. ერთნი ამაყნი და დიდებულნი არიან, ღონიერნი და ყოვლის შემძლენი, მეორენი ჩიანი, უღონონი, უხმონი და მორჩილნი.
ყიოდნენ ძლიერი მამლები. ხლიჩინებდნენ და ყივილში იხრჩობოდნენ სუსტნი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სხვა ვერაფერი მიანიჭებს გლეხკაცს ბედნიერებას, ვერავითარი ცის წყალობა ვერ გაახარებს, თუ მიწამ გული არ აჩვენა, თუ მიწამ არ გაუცინა, თუ მიწამ არ გაათბო, თუ მიწამ სიცოცხლის ძუძუ არ აწოვა”.
* * *
„გემრიელი ლუკმა ყველასათვის ერთნაირად კარგია”.
* * *
„ადამიანისათვის მაინც მთავარი და მთავარი სული ყოფილა”.
* * *
„ვისაც როგორ მოეპრიანება, ეს წუთისოფელიც ისეა მისთვინ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიყვარული ისევე უკვდავია, როგორც სიცოცხლე”.
* * *
„სინათლისკენ სიარული არ მოღლის კაცისშვილს”.