ამონარიდები გივი კარბელაშვილის რომანიდან – „მგზნებარებით ჩაფერფლილი გულები”
„ადამიანური არ უნდა ეუცხოვოს არავის… გარდა ბრიყვისა”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„შიში სიყვარულს კი არა, მორჩილებასა და შეფარულ სიძულვილსა შობს. შეფარული სიძულვილი კი, თანაც მორჩილებანარევი, გაცილებით საშიშია, საბედისწეროც, ვიდრე პირღია სიძულვილი, რომელსაც ადვილად მოევლების და ვერცარა ზიანის მოტანა ძალუძს”.
* * *
„ – ქართველ მეფეთ უმალ ძილიანობა დაგღუპავს, ვიდრე უძილობა”.
* * *
„აგრეა, აგრე კაცთაგან დადგენილი! სიტყვით რომ თაფლს ჰღვრიან, ხელში დაშნა აქვთ მომარჯვებული!”
* * *
„ჩვენ მომხვდურთა ძალიან ბევრ შეურაცხყოფას მოთმინებით ვიტანდით, სისხლისღვრას ვერიდებოდით ერისას, თუმცკი გული ბოღმით გვქონდა გასიებული… ამადაც ვიქმოდით ორპირობასაც, რაც მწუხრად ჩვენისა, ხშირად შინაურებზეც გადაგვქონდა… ყველა ცუდი და ავი მოძალადე მტერმა გვასწავლა ნებით თუ უნებურად, ამად არა ვართ დასაძრახისნი სიავისა და ბოროტებისთვის… თუმცკი ზოგჯერ ჭარბადაც გვერევა ის ავადობა დაუზოგავად…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ცხოვრებაც ეგ არის სწორედ – გაურკვევლობა. როცა ყოველი ნათელ არს, სიცოცხლესაც ფასი აკლდება, არსებობად იქცევა უმალ”.
* * *
„ცხოვრებისეული ავბედობით ძალმიტანებული და გაუხარელი ადამიანისათვის ყოველი მომდევნო ჭირი უმძიმესია წინაზე”.
* * *
„მრუდეა ქვეყანა, ბოროტი კაცი მძლავრობს კეთილს”.
* * *
„ქრისტეს რჯულის დაკარგვა ჩვენთვის ენის დაკარგვაც იქნებოდა უცილობლად”.
* * *
„ – ცოდო-მადლი ვის გაუყვია, შვილო. ერთად დადიან ღვთისნიერნი. რაცა ერთისთვინ ცოდოა, ის მეორესთვის მადლია”. – (ავტორი გენია.ჯი)