ამონარიდი თეიმურაზ ლანჩავას მოთხრობიდან – „ცაზე მთვარე ჩახჩახებდა…”

„ – შარშან ამ დროს კაცი გადავარჩინე დახრჩობას, ვდურთე თავი აქაფებულ წყალში, შევები ტალღებს და გარუმბული გამოვათრიე სანაპიროზე. რომ მოსულიერდა, ვინ მომავლინა მეორედო, – იკითხა. ხალხს ეგონა წამოდგება ახლა, გაშლის ხელებს, გადაეხვევა და დაჭამს ხვევნა-კოცნითო, ანიშნეს ჩემზე. ვდგავარ მორცხვად ტანსაცმელშემოლუმპული და ველოდები სამადლობლის რამდენიმე ვარიანტს. მომიახლოვდა, მომიქნია ხელი და ისე ძლიერ მთხლიშა სახეში, თავი ძლივს შევიმაგრე, გაოცებისაგან პირი ღია, ბეჭები აწეული დამრჩა.

რატომ, ბატონო, რისთვის”-მეთქი, – გავოცდი.

თუ იცი შენ, რა ჰქენიო. – მკითხა.

ბოდიშს გიხდი, თუ რამე დავაშავე-მეთქი.

- მაგი არ ქნა მეორედო, – პატარა ბავშვივით დამტუქსა, შეტრიალდა და წავიდა.

- მაინც რა მინდაო, რა გითხრა, იმ შობელძაღლმა, – თავი ვერ შეიკავა არტავაზამ.

- ღვთის ნება-სურვილს წინ გადაეღობე და ამქვეყნიური საზრუნავი გამიგრძელეო. რას ვიზამდი, დავღუნე თავი და წამოვედი”.

კომენტარის დატოვება