ამონარიდი რეზო ჭეიშვილის მოთხრობიდან – „მიწების განაწილება”
„ -…ამხანაგებო, სიდიდე სამყაროში, როგორც მოგეხსენებათ, ფარდობითი მცნებაა; სიდიდე სიდიდეა დროშიც და სივრცეშიც, რეალურადაც, ფარდობითადაც. თავისთავად, სხვა რამისგან დამოუკიდებლად არაფერი არ იზრდება, არაფერი არ მცირდება, ამიტომ მიწა ყველას მივუზომეთ ერთნაირად; შაბლონებისა და სტანდარტების საფინანსო-საორგანიზაციო კომიტეტმა დაამტკიცა ზომა მიწისა ასეთი შეფარდებით: ორი მეტრი და ოცი სანტიმეტრი სიგრძეში, მეტრი და ათი – სიგანეში. ეს არის ყველასათვის სავალდებულო, დადგენილი ნორმა ამიერიდან უკუნითი უკუნისამდე და ამინ, და მაინც გავითვალისწინეთ რა, რომ რაც არ უნდა იყოს, ასე თუ ისე, საქმე გვაქვს მაინც შემოქმედებით ორგანიზაციასთან, ნება გეძლევათ წახვიდეთ სიღრმეში უთავბოლოდ, განუსაზღვრელი მანძილით. ორ მეტრ-ნახევარს ანაზღაურებს ტრესტი, ორ მეტრ-ნახევრის ქვემოთ გათხრა იწარმოებს საკუთარი ხარჯებით… – ტერნიკოლაძემ წყალი მოსვა და ხმა ჩაიწმინდა. – ხმ, ხუ, ხუ.. თითოეულ თქვენთაგანს, ანუ თქვენთაგან თვითეულს უფლება აქვს თან წაიღოს თაბახის ქაღალდი უხაზოდ, კილო ორასამდე მოწყობილობა, წინდები, თბილი ტანსაცმელი და კბილის ჯაგრისი. ძვირფასო ამხანაგებო, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ყოველგვარი სიდიდე ფარდობითია და არა ფართობითი, ეს შენიშვნისათვის… ხუ, ხუ, ხხე, ხუ… არ არსებობს, ამხანაგებო, აბსოლუტური ზომა, აბსოლუტური დრო. დროის განსაზღვრა შეიძლება მხოლოდ დროსთან, სინათლესთან და მოძრაობასთან შეფარდებით. თვით მოძრაობაც შეფარდებითია. არ არსებობს აბსოლუტური გაგება მოძრაობისა. არ არის საგანი, ნივთი, მატერია სამყაროში, რომელთანაც რაიმეს მოძრაობა საბოლოოდ იყოს შეფარდებული, და რაც მთავარია, სამყაროში არ არსებობს საბოლოო ზევით და ქვევით. „ზევით” და „ქვევით” შეფარდებითი მომენტია, რაც გრავიტაციასთან არის, ერთი შეხედვით, დაკავშირებული, მაგრამ დღესდღეობით არავინ არ იცის, რა არის ჩვენს ზევით და რა არის ჩვენს ქვევით; ანდა ვინ არის ზევით და ვინ ქვევით”.