ამონარიდები გივი კარბელაშვილის მოთხრობიდან – „გაფანტული სიცოცხლე”

„ – პატიოსნება… სულელებისათვის დაუწერიათ ბრძენებს. რისი პატიოსნება, ვის უნდა მაგ სისულელე!.. რისი მაქნისია მაგ – ვერც გაყიდი, ვერც შეჭამ! პატიოსნება რომ კაი იყოს, ჩვენს პოლიტიკოსებს ვინ წაართმევდა იმას. სწორია ჩემი პატრონი – ყველაზე პატიოსანი ქვეყნად… ვირიაო!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ყველა ასაკს თავისი ახირება აქვს, სიცოცხლის ყველა ეტაპს კი საკუთარი, განუმეორებელი გამოცდილება, რასაც დროზე ადრე ვერასოდეს მიიღებს კაცი”.

* * *

„ – სიყვარული და მწუხარება ერთად დადიან, შვილო! რაც მეტია გადატანილი მწუხარება, მით უფრო ძვირფასია ის სიყვარული, რომელიც იმ მწუხარებას უდევს საფუძვლად. მშობელს მით უფრო უყვარს შვილი, რაც უფრო მეტი ტანჯვით ჰყავს გაზრდილი. შვილისადმი მისი სიყვარულიც კი საკუთარი ამაგისეული საზომია, წმინდა, ხელუყოფელი, მაგრამ მაინც საზომი, რადგან უდრტვინველად და უამაგოდ შვილის სიყვარულიც კი დაჩიავდება”.

* * *

„უსამშობლოდ, უთავისახლოდ ადამიანი პირუტყვიღაა, კამეჩია, რომელსაც ყველა პატრონი დაადგამს უღელს იმ საცოხნის საფასურში, რაც მარტოოდენ არსებობას თუ შეუნარჩუნებს იქამდე, სანამ თავის პატრონს გამოადგება. მერე კი, როცა ძალ-ღონე გამოელევა, კამეჩივითვე ჰკლავენ და გზიდან იცილებენ, როგორც უვარგისსა და ურგებს”.

* * *

„ – კაცი ამ ქვეყნად, გიორგი ჩემო, ერთხელ მოდის, პრასა არაა, მეორედ მოვიდეს! დაეშურე ახალგაზრდობას, არაფელი დეიკლო, თვარა ისე გაგეპარება, რავარც გუშინდელი თოვლი, თვალსა და ხელს შუა დაგიდნება მიწაზე დაუცემლად… მერე წადი და იტირე ჩვენებურად.” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ვაჟკაცი სასმელს არ უნდა გაექცეს, ოღონდ არც უნდა დაემონოს”.

* * *

„ზოგ-ზოგის გაჭირვებითა და დალხინებით კი არა, ერის ავ-კარგით უნდა იხელმძღვანელო ცხოვრებაში”.

* * *

„ – ქალი, ჩემო ბიჭო, ყველა ვაჭრობს. ერთნი მაშინვე იღებენ, ნაღდს გართმევენ, მეორენი – საყვარლები, განვადებით შობიან, ზოგჯერ ფულის ნაცვლად ნატურით ღებულობენ, ზოგჯერ კი ერთსაც გართმევენ და მეორესაც – დამოკიდებულია შენს შნოსა და მარიფათზე; მესამენი – ცოლები, იყიდებიან ერთბაშად, თავიან-ფეხიან-გულიანა, თან შენს ქონებასაც ეუფლებიან, შვილებსაც, დედაშენსაც და მამაშენსაც… თუ არა და ბრძოლას გაუჩაღებენ, განსაკუთრებით დედებს… აი, მესამეებს უნდა ერიდოს კაცი, თორემ ქალის შებრალება?! როგორც კი ქალის შებრალება მოგეძალება, იცოდე ჭკვას აგებ!”

* * *

„ – პოლიტიკა, ჩემო ძამიკო, როგორც ფილოსოფოსები ლაპარაკობენ, მიზნის მისაღწევი ხერხია. ხერხი კი, როგორც მოგეხსენებათ, გადი-გამოდის, აქითაც ჭრის და იქეთაც. იგი ბაზარია – ზოგი ყიდის, ზოგი – ყიდულობს, ზოგსაც თვითონ ყიდიან”.

* * *

„ადამიანი ეგრეა მოწყობილი – თვალს თუ მიეფარები, გულსაც ეჩრდილები…” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>