ამონარიდი ჭაბუა ამირეჯიბის რომანიდან – „დათა თუთაშხია”
„ – აბრაგობა ისეთი საქმეა, ბეგლარ-ბატონო, ჭკუა თუ აქვს დაყოლილი კაცს, ეშმაკობას, რომ არ უნდოდეს, აბრაგობაში ისწავლის მაინც. ჩემი მდევრები, მართალი გითხრა, სულელები არიან და ჭკვიანურს რომ ვერ იგონებენ ვერაფერს, მიტომ ვერ მიჭერენ. სანამდე ყუბანში გადავიდოდი, იქამდე ვისწავლე მათი ხრიკები. სულელი კაცების ხრიკები იყო ის ხრიკები. იმიტომ ვისწავლე ადვილად, თვარა, ერთი ჭკვიანი ჩაერია საქმეში და მას მერე რამდენჯერმე მოვტყუვდი პატარა ბიჭივით. იმ ერთის მეტი მაგათში არავინ არ ღირს არაფრად. აბრაგებს კი არა, ინდაურებს უნდა დევდნენ მაგენი. ეს ერთი ვიღაცაა, მართლა კაცია და ჩემი გაფუჭება მისი ხელიდან იქნება – ვიცი მე ეს. თუ გავიგე როდისმე, ვინაა ის კაცი, აღთქმა მაქვს დადებული: ძღვენი უნდა მივართვა, დიდი ძღვენი… კარგზე კარგი ცხენი იქნება, ალბათ, ან სხვა რამ კიდევ: მასეთ კაცს დაფასება ჭირია, ასე მწამს მე”.