ამონარიდები ჭაბუა ამირეჯიბის რომანიდან – „დათა თუთაშხია”
„ – ქალი გყვარებია?
- ნამდვილ სიყვარულს დრო სჭირდება, შალვა, – მცირედი დუმილის შემდეგ თქვა დათა თუთაშხიამ, – არც ერთხელ არ დამაცადა ბედ-იღბალმა.
- არ მესმის! სიყვარული ერთი ნახვითაც შეიძლება.
- სიმღერაში.
- რატომ? არა გქონია შემთხვევა, რომ ქალი დაგენახოს და შეგყვარებოდეს? – მართლა არ მესმოდა, რას გულისხმობდა.
- ეგ სიყვარული არ უნდა იყოს, მგონია.
- მაშ, რა არის?
- არ ვიცი, როგორ გითხრა… მოწონებაა, გატაცებაა, ალბათ. ხორციელია ეგ, სიყვარული სულიერია. ერთხანს მაინც უნდა იყოთ ერთად, რომ სულში ჩახედოთ ერთმანეთს, მისი სულიერი რაღაც-რაღაცები შენი სიცოცხლისთვის აუცილებელი რომ გახდება, მაშინ დაერქმევა თქვენს ურთიერთობას სიყვარული. ასე მგონია მე და, შენი შვილების დედაც თუ არის ის ადამიანი, ამახვილებს სიყვარულს ეს.” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანთა უმრავლესობა ამბობს, – რეგვენი ვარო, მაგრამ ისეთს ვერავის იპოვნით, რომ ეს სჯეროდეს”.
* * *
„დათა თუთაშხია იტყოდა ხოლმე , – გამბედაობაც ჩვეულება არისო”.
* * *
„ერთი ბოროტება რომ ხდება რაიმე, შენს დასანახზე და ხელმისაწვდომზე, მისი მოსპობა ადვილია, ძალიან. ეგ არის, არაფერი საქმე არ არის ეს, სხვაგან და უფრო მეტი ბოროტება მოხდება, უეჭველია, მიზეზი თუ არ მოსპე იმ ბოროტების, ბუდე თუ არ დაუნგრიე. ბუდე აქვს თავისი ყველაფერს მზის ქვეშ და – ბოროტებასაც. ბოროტების ბუდის დანგრევა დიდი საქმეა ძალიან”.
* * *
„დემოკრატიას თავისი აქილევსის ქუსლი აქვს და ეს ყველაზე უკეთ ტირანებმა იციან!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მარტო არ უნდა იყო, ვინმეს მხარეზე უნდა იყო, თვარა, ნაბეგვი იქნები სულ…”
* * *
„მამაკაცებისაგან გამიგონია, – ქალი ქალის სალოგინო ღირსებებს ვერ შეაფასებსო”.
* * *
„უფროსის პატივისცემა უნდა იცოდე, უფროსისთვის კარგი კაცი უნდა იყო ყოველთვის, მარა მარტო ეს არ კმარა – პატარა უნდა ეშინოდეს შენი უფროსებს. ისეთი რამე უნდა იცოდე უფროსის, რომ გულში შიში ჰქონდეს, არ გამთქვას და არ დამღუპოსო!”
* * *
„ – ჭონია, გამარჯობა შენი! თუ მიცანი? – მიმართა დათამ.
- გასულ შემოდგომაზე, პირველად რომ მომიყვანეს, მაშინვე გიცანი მე, – უთხრა ჭონიამ.
- რას შვრები, როგორ ხარ?
- როგორ ვარ და, ხომ დაინახე, რა დღე დავაყენე ვაშე ბლაგაროდიებს! სიკეთის ქნას ვსწავლობ და ვისწავლე, მგონია, უკვე. აჯამეთში სადგურის უფროსი იყო, ერთაოზ ნიკოლაძე, იმან მითხრა ერთხელ, – კაცს სასიმღერო ხმა და სმენა დედის მუცლიდან დაყვეს, შეიძლებაო, მარა თუ არ ისწავლა სიმღერა, ვერ იმღერებს ვერაფერსო. სიკეთეც დაგვყვეს იქნება, დაბადებით, მარა სწავლა უნდა მაინც და ყველაფერი ასეა ქვეყანაზეო. აგერ ა, ვსწავლობ სიკეთის ქნას და ვარ ასე!”
* * *
„კაცური კაცის სიცოცხლე ის არის, რომ უნდა იწვოდე კვარივით, სანთელივით, კოცონივით, მზესავით – როგორ ხვედრსაც გარგუნებს განგება, ისე”. – (ავტორი გენია.ჯი)