ამონარიდები ჭაბუა ამირეჯიბის რომანიდან – „დათა თუთაშხია”
„ – ჭონია, ბატონო, ხდება ხანდახან ისე, რომ ადამიანი შეცდება და გაკადრებს რაღაცას. არ უნდა მოგივიდეს გული, თვარა, მან რომ თავისი შეცდომით ჩაიდინა, იმ შეცდომაზე უარესს ჩაგადენინებს წყენა და გაბრაზება”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ნათქვამი რომ არის, გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებო, მართალია ეს. კაცს რომ გაგიჭირდება, ჭკუა და გონება ხანდახან ისე გიყოჩაღებს და გიმარჯვებს – დრო გაივლის და გაგიკვირდება, მე ვთქვი და მე გავაკეთე ესო?!”
* * *
„ – გაძღნენ, ამოიყორეს მუცლები და დაესივნენ ერთმანეთს, – სიმაძღრემ იცის ეგ!”
* * *
„თითო ისეთი კაცი არ გამოილევა ამქვეყნად, რომ არ გააშაოს და არ წაპილწოს ყველაფერი კარგი”.
* * *
„კაცის ყველაზე მაღალ ღირსებად მოკრძალება მიმაჩნია, თავიდანვე ასე მზრდიდნენ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ფულს შოულობს ყველა, მაგრამ ვინ – რისთვის? ზოგს საარსებო სახსრების შოვნა ამოძრავებს. მეორეთ – შენახვისა. მესამენი ფულით ფულისავე შოვნით არიან გატაცებულნი, თანხის, კაპიტალის გასაზრდელად იღწვიან. ასევეა სამსახურიც, მსახურობენ იმიტომ, რომ სხვა შემოსავლის წყარო არ გააჩნიათ. მაგრამ, ადამიანთა უმრავლესობისთვის სამსახური მაინც დაწინაურების, კარიერის გაკეთების საშუალებაა. ასეთი მიზანი თუმც პატივმოყვარეობით, გამდიდრებისა და ძალაუფლების წყურვილით და კიდევ სხვა მდაბალი ადამიანური თვისებებით არის განპირობებული, მაგრამ, საერთოდ, კარგი კარიერის გაკეთებისთვის, დაწინაურებისთვის სამსახური დადებით ნიშნად მიმაჩნია, თუ ეს არ ხორციელდება აკრძალული ილეთების, უსუფთაო ხერხების გამოყენებით”.
* * *
„კაცი თვითონ არის დამნაშავე თუ მოუვა რამე. ამაზე ანდაზაც არის ერთი, ეეე… გადამიხტა გონებიდან. ის ანდაზა ვითომ სულელ კაცებზეა ნათქვამი, მარა ჭკვიან კაცებს უფრო ემართებათ ისე. ზოგჯერ მოეწყვება საქმე – არ ჩაერიო – არ შეიძლება. ჩაერევი და გაილახები და გვერდში ვინც გყავს, ისიც გაილახება”.
* * *
„ერთად და ერთ და იგივე კაცებში დიდხანს ყოფნამ შეძულება იცის”.
* * *
„ქალის გაჩენის დღე დაიქცა, სულ ტანჯვაში და წვალებაში უნდა გაიყვანოს წუთისოფელი უბედურმა. დედაკაციო! დედა – კი, თუ შვილები გეყოლა, მარა კაცად და ადამიანად ვინ მამაძაღლმა ჩაგაგდო, ნეტავი. მუშაობა – ქალს, ორსულობა, შვილების გაჩენა და მათი გაზრდა – ქალს. სატირალში ქალი ტირის, თვარა, კაცი?! კაცი ზის და ღვინოს მიირთმევს, ოხერი. ქორწილში არის და, სანამდე კაცები გამოთრობას ეღირსებიან, ქალი უნდა იჯდეს და იგენის საცოდაობას უყუროს. დედაა, რაფერი აბდლები არიან, რომ დაითვრებიან… არც ისე უქნია ღმერთს. გამოთვრება კაცი და ქალმა უნდა ატაროს სახლამდე და შინ მისულს, თუ მოგერია, გაგლახავს უსათუოდ. დავბადებულიყავი კაცად, რა იქნებოდა, ვითომ. რა და, მოვიყვანდი ცოლს, გამიჩენდა შვილებს, იწვალებდა თვითონ და მე ქე ვიქნებოდი კარგად”.
* * *
„ – ერთი იცოდე: არაფერი პატივისცემა და კეთილი საქმე არაა, გაჭირვებულს შენი ლუკმა რომ გაუტეხო; კაცის მოვალეობაა ეგ. ეს თუ გეცოდინება, აღარც დააყვედრებ მაშინ, – ეს და ეს პატივი გეციო, და სინდისიც სუფთა გექნება”. – (ავტორი გენია.ჯი)