ამონარიდები კონსტანტინე გამსახურდიას რომანიდან – „მთვარის მოტაცება”
„ – კაცმა თუ არ ირისკა, მახარია, ისე ვერაფერს გახდება ცხოვრებაში. ეს სოფელი კამათლის მღერასა ჰგავს, მახარია. ნარდის თამაშსა ჰგავს ეს სოფელი, მახარია.
ამ ქვებს ხომ ხედავ, შენი ქვები ხომ თეთრია, ჩემი კიდე შავი. მე უნდა ვეცადო ჩემმა შავმა სხვის თეთრს აჯობოს როგორმე. ამისთვის ყოველი ქვა ისე უნდა მოიხმარო, ყოველი მათგანი შენი მიზნისთვის ცოცხლობდეს და კვდებოდეს.
ხან ერთის გარაჩენას სამიც უნდა შესწირო, ბოლოს საკუთარი კარები გადარაზო და გადაკლიტო.
ეგ ცხოვრებაც აგრეა, მახარია. ყოველი კაცი შენი მიზნისთვის უნდა გამოიყენო. მთავარია: კამათლის სროლა გემარჯვებოდეს, დროზე რისკი შეგეძლოს, დუშაშიც დროზე უნდა დაისვა, თუმცა ისიც ხდება, გვიან მოსულ დუშაშს დროზე მოსული იაგანი სჯობია, მე არ გამიღიმა ბედმა, მახარია, დუშაში დროზე არ დამიჯდა.
რა ქნას კარგმა მონარდემა, თუ დუშაში არ მოუვა. დუშაში არ მომივიდა, ახლა იაქეები მაინც უნდა გამოიყენოთ.
ასეა, ასე, მახარია. უნდა ირისკო კაცმა, თორემ ქე დარჩები კერასთან”.
* * *
„ქვეყანა დიდზე დიდია”.
„მაინც რამხელა იქნება?
„უშბაზე მეტად დიდი. ისეთი დიდი, რომ კაცის თვალიც ვერ გასწვდება”.
„ზღვა თუ დიდია?”
„ზღვაც დიდია, მახვშ ბატონო”.
„ცა დიდია?
„ცაც იმხელაა, რომ კაცის თვალი მას ვერ გასწვდება”.
„თუ ასე დიდია ზღვა და ხმელი, თუ ასე დიდია ცაც, მაშ ვინ იქნებოდა ის, ვინც ისეთი რამ შექმნა, რასაც კაცის თვალიც ვერ გასწვდება?”
„უეჭველია, მახვშ ბატონო, იგი გაცილებით უფრო დიდი იქნება, ვიდრე ქვეყანა, ზღვაც და ცაცაა, ვიდრე თვით უშბა, ბევრზე ბევრად გამრავლებული”.
* * *
„ – უნდა ეცადო, მახარია, ყოველ დროს შეურჩიო მუღამი. თორემ გლახა სიძესავით რომ იძახო, ჩემი თოხი თუ არ მოგიტანიათ, ვერ გავთოხნიო, ქე დარჩები კერიასთან მჯდარი ნაცარქექია.
უმთავრესი ეგაა, მახარია, ცხვრობა არ დაგაკისრონ ადამიანებმა. ცხვრობას მგლობა უნდა არჩიო მუდამ.
ცხვრის ქურქი უნდა გქონდეს წამოსხმული და მგლის კლანჭები მზად უნდა იქონიო, მგლობა უნდა არჩიო, მგლობა, თორემ ადამიანებმა თუ გაგაცხვარეს, მერმე მგლობას ვერ ეღირსები.
როცა ცხვარივით თავმოდრეკილი დადიხარ, ასე ამბობენ: კაი ხასიათის კაციაო, მახინჯ ქალსაც ასე ანუგეშებენ: კაი დიასახლისიაო, კაი გული აქვსო. მაგრამ თუ ეშვები გინახეს, თუ მგლის ჭანგები აღმოგიჩინეს, მერმე კუთხე-კუთხე ჩურჩულს მოყვებიან: ავი კაციაო და უხასიათოაო. ჩვენს დროში მუშტი უნდა გქონდეს, მახარია, მუშტი”. – (ავტორი გენია.ჯი)