ამონარიდები ოთარ ჭილაძის რომანიდან – „რკინის თეატრი”
„თუ ელტვი მეფობას, კაცმა რომ თქვას, ნებისმიერი საშუალება თანაბრად მისაღებია, თუნდაც ხალხის ორმოში ჩაყენება, იმავე ხალხის გასაღიზიანებლად, გასამწარებლად და მერე იმის დასამტკიცებლად (რა თქმა უნდა, გაღიზიანებული, გამწარებული ხალხისთვის) ტახტზე მჯდომი რომ უფრო ცუდია, ვიდრე ტახტზე დაჯდომის მსურველი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ევროპამ თავისი მისია დიდი ხანია დაკარგა, ბიძიკო. გაძღა ცხოვრებით. არაფერი აღარ უნდა. არც იცის და არც აინტერესებს, რა ხდება აქ, რა დღეში ვართ მე და შენ. კი ბატონო, მართალი ბრძანდები. სანამ სახლიდან არ დაიყვირებს ვინმე – მიშველეო – რა უფლება გაქვს, შეუვარდე. მაგრამ დიდ პოლიტიკოსად რომ მოაქვს თავი, უსაშველოდ გავნათლდიო, რომ იძახის, ისიც უნდა იცოდეს, მე პირზე ხელი რომ მაქვს აფარებული და გინდაც მაინც მოვახერხო დაყვირება, იქამდე გამაძრობენ ტყავს, ვიდრე ჩემი ხმა ევროპამდე ჩააღწევს. სანამ პავლე მოვიდა, პეტრეს ტყავი გააძრესო”.
* * *
„შენი ოჯახურ საიდუმლოებათა საქვეყნოდ გამოჭენება თანაბრად აკნინებს, ხალხის თვალში თანაბრად სცხებს ჩირქს ორივე მხარეს. იმასაც, ვისაც „ასე ცხოვრება აღარ შეუძლია” და იმასაც, ვინც „ასეთ ცხოვრებაში” იგულისხმება”.
* * *
„შეშინებული კაცი თავშესაფრისკენ, ანუ შინისკენ, მხოლოდ იმიტომ კი არ გარბის, იქ რომ დაემალოს განსაცდელს, არამედ იქ რომ შეებრძოლოს, სწორედ იქ რომ გაუმართოს გადამწყვეტი, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა, თუკი ფეხდაფეხ წამოყვება განსაცდლიც, რადგან სახლი უკანასკნელი გოდოლია, უკანასკნელი მიჯნაა ყოფნა-არყოფნას შორის და, ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, თუნდაც მარტო ამის შეგრძნება და ცხოველური ჟინი სიცოცხლისა, გადარჩენისა – ყბადაღებულ ლაჩარსაც გმირად შეიქმს ხოლმე, მით უფრო, როცა ის სახლი ნამდვილად შენი სახლია, მამისეული, გაჩენის დღიდან შესისხლხორცებული, ურომლისოდაც, რაც არ უნდა ძნელი დასათმობი იყოს, მართლაც რომ კაპიკის ფასიც აღარა აქვს სიცოცხლეს”.
* * *
„საერთოდ ასეთია ბუნება კაცისა: დღევანდელი დღით ცხოვრობს და არა ხვალინდელით; ტყუილად კი არ უთქვამს: ხვალემ იკითხოს ხვალისაო, და ვერც გაამტყუნებ, რამდენადაც ნანახი და განცდილი განაპირობებს მის ყოველ ნაბიჯს, განზრახვას, მიზანს, ოცნებასა თუ იმედს… და არა ჯერ უნახავი, ჯერ განუცდელი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჩაუდენელი დანაშაულის ზიდვა რჩეულთა ხვედრია”.
* * *
„მიბარებულს მგელიც ინახავს”.
* * *
„ხელისუფლება იმიტომაა ხელისუფლება, წყალზეც და ეშმაკზეც ფხიზლად რომ ეჭიროს ყური და ყოველთვის უშეცდომოდ იცოდეს, ვისი ჭიშკარი წკავწკავებს, ქვანასროლი ძაღლივით”.
* * *
„სიცოცხლე თავისთავად უკვე დიდი მადლია და ერთნაირად ძვირფასია – ბედნიერებით გაგაუბედურებს თუ უბედურებით გაზიარებს ბედნიერებას”.
* * *
„ცხოვრება, ბუნებისა არ იყოს, სიცარიელეს ვერ იტანს”. – (ავტორი გენია.ჯი)