ამონარიდი თეიმურაზ ლანჩავას მოთხრობიდან – „ქათქათა პერანგი”

„ – ისე, კაცმა რომ თქვას, რა მოხდა, რა დაშავდა იმით, რომ კაცმა გული გადააყოლოს, თავის სითბო პაწია სხვასაც უზიაროს და ამქვეყნისაკენ გული შემოუბრუნოს. აჰა, თვითონ სახელწოდებას დააკვირდით, ბატონო: „სა-ყვა-რე-ლი”.

რატომ ჰქვია მაშინ საყვარელი? ვინ მოიგონა? მაშასადამე საყვარელია და იმიტომ. გსიამოვნებს და მიდიხარ. არავინ გავალებს, არც კრება, არც დირექცია, რომ მაინცადამაინც იმასთან იარეო, უბრალოდ, ასე გინდა. გაივსო ქვეყანა საყვარლებით, მე რა, ვისზე ნაკლები ვარ. თანაც ნაღდი გოგოა, ყველაფერი მიამბო, არაფერი დაუმალავს. შეცდა, რა ვუყოთ მერე. ანდა, რომ არ შეცდენილიყო, მე რა შავ ჭირად ვუნდოდი. ზუსტად მასეთი შეცდენილებია, რომ საყვარლობენ, საყვარლობენ და ღმერთმა გაუმარჯოთ. არაფერს გთხოვს, პირიქით, გასმევს, გაჭმევს, გბანს და გირეცხავს. თვეში ერთი საჩუქარი თუ მიუტანე, დაიქცა ქვეყანა. მთლად უსინდისო ხომ არ უნდა იყო. მთავარია ცოლმა არ გაგიგოს. ხელფასს არ მოაკლო. ნადიამ ზეპირად იცის, რას ღებულობს, რამდენს უქვითავენ პროფკავშირში, რომელ ჟურნალ-გაზეთში რას ართმევენ და რა ჯდება დღეში სამჯერ მუშათა სასადილო. მაგრამ, აბა, რისი მამაკაცი ხარ, გაინძერი, გაარყიე ეგ შენი რეგვენი გოგრა, გამონახე შენთვის პატარა სასარგებლო წყარო, ასვი იმ წყაროდან საყვარელსაც და იყავი, საყვარლის ალერსი სხვაა, მოპარულია და გემრიელი”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>