ამონარიდები რამაზ კობიძის მოთხრობებიდან…
„ეს ქვეყანა და – სამართალი?” – (მიბრიდინე) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – გახსოვდეს, შვილო, ცუდ კაცსა ხელი არ უნდა გაუმართო. თავისდღეში! დეე, თავისი სიცუდე თვითონვე დაინახოს”. – (უიღბლო საღამო)
* * *
„ქართულ მიწას სისხლით გაპოხიერება აღარა სჭირდება, დიდი ხანია, გაპოხიერებულიცაა და გადაპოხიერებულიც. ჰო… ეყოფა! თუმცა… ეჰ!” – (მიბრიდინე)
* * *
„ – ეს ცხოვრება, შვილო, ასეთია, კაცი კაცსა ხან აწყენინებს, ხან ასიამოვნებს”. – (უიღბლო საღამო)
* * *
„ეს ადვოკატებიც კარგები არიან. როცა საქმეს იღებენ, ენას გაასარსალებენ და ფიანდაზად გაგეგებიან. იფიქრებ, ისეთი პატრონი გამოჩნდა, ვინ რას მომისჯის, მომისჯის კი არა, იქნებ, აქეთ დამაჯილდოვონ კიდეცო. დაიწყებენ – პროცესუალური უფლებები, პრეზუმცია. ჯანდაბა, დოზანა!.. მერეკი, მოსამართლე, რომ მაგათ ლაქლაქს არაფრად ჩააგდებს და კარგი მაგრად დაგჭედავს, ადვოკატი ხელებს გაშლის, მენდეთ, მეტის გაკეთება არ შეიძლებოდაო… ახლა სხვა საქმეს ეძგერება და ფიანდაზად ახლა სხვას გაეგება.
ეგეც შენი პრეზუმცია!..” – (მიბრიდინე) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ქვეყანაზე კარგ ხალხს რა გამოლევს, შვილო! იმდენი სიკეთე მეცა და შენცა, რამდენი კარგი კაცი თუ ქალი თუნდაც ამ ჩვენს ქუჩაზე ცხოვრობდეს”. – (უიღბლო საღამო)
* * *
„ვისაც არაფერი აბადია, ის უფრო ლოთდება და ოხრდება”. – (უიღბლო საღამო)
* * *
„ – გაგიგონიათ, სოციალურფუნქცია დაკარგული კაცი რას ნიშნავს? ა, ეს ჩვენი პლატონოვიჩია ის კაცი, რომელსაც არავითარი სოციალური ფუნქცია არ გააჩნია. ფული იმდენი აქვს, რომ მაგის შვილიშვილებს და შვილთაშვილებსაც კი თავზე გადაუვათ და ოხრად დარჩებათ… არც ძუნწია, არა და არა, ეგ კაცი ძუნწი არ არის. მაგრამ კაპიკს არ დახარჯავს, თუ საზოგადოებას, ქვეყანას არ გააგებინა, აი, ვხარჯავო. ერთი იანგარიშეთ, ამ საწყალი უშანგის გასვენება მას რამენად დაუჯდა. რვა-ათი ათასი მაინც, ხომ? ხო… უშანგისთვის კი, სანამ ის ბიჭი ცოცხალი იყო, კაპიკი არ გაუმეტებია. მე ხომ ვიცი… და რატომ? იმიტომ, რომ მაშინ ამ ამბავს, ორი-სამი კაცი თუ გაიგებდა – თვითონ უშანგი, დედამისი, ვთქვათ, მე, ვთქვათ, კიდევ ერთი-ორი კაცი… ახლა კი მთელი ქვეყანა ილაპარაკებს, პლატონოვიჩმა ცოლიდიშვილი გააპატიოსნა, ნუღარ იტყვით, კაციც ეგ ყოფილა და ქუდიც მაგას ხურებიაო. ხალხი სულელია”.
* * *
„საერთოდ, უცხო სიტყვები იმისთვისაა მოგონილი, რომ ხალხს ჭკუა აურიოს. მეტი არაფერი”. – (მიბრიდინე)
* * *
„ადამიანმა, რა წინდახედულიც არ უნდა იყოს, ყოველთვის არ იცი, რომელიმე შენი საქციელი ვის რას იმასუშობა…” – (შეურაცხყოფილი) – (ავტორი გენია.ჯი)