ამონარიდი გიორგი სიჭინავას მოთხრობიდან – „აღათია”
„ – საით მიდიხარ, შვილო? – ჰკითხა თევდორემ.
აღათია შეკრთა. არ მოელოდა მღვდელთან შეხვედრას. ის გაქვავებულივით იდგა და ვერ მოეფიქრებინა, რა ეთქვა.
- ღამ-ღამობით ტყეში რად დაეხეტები, რა დაგკარგვია იქ?
- მგლოვიარე ვარ, მამაო, ტყეში სიჩუმეა და გულს ვიოხებ.
- ტყეში ავი სულები დათარეშობენ. გული აქ მოიოხე, ტაძარში, სანთელი აანთე და მიცვალებულზე ილოცე.
- მიცვალებულს რა ლოცვა უნდა, მამაო, ან რა მომცა ლოცვა-კურთხევამ?
თევდორე შეცბა.
- მწუხარებას ბოღმით აღუვსია შენი გული, ბოღმიან გულს კი ეშმა ადვილად დაეუფლება. შემოდი ტაძარში, დაუნთე შენს ბიჭს სანთელი და ღმერთს შეევედრე.
- ღმერთს არც ლოცვა ესმის ჩემი და არც წყევლა.
- ეშმა გალაპარაკებს ამას. გონს მოდი, ამოიღე გულიდან ბოღმა და შენს ტანჯვას გაუმკლავდი.
- ტაძარში ტკივილი დაგიამდება. ლოცვა-კურთხევა სიკეთისკენ მოგაბრუნებს. ჭირთა თმენაა ადამიანის წილ-ხვედრი ამ ქვეყანაზე. ვინც დაითმენს, მისია სასუფეველი ცათა შინა…
- სიკეთეო, ამბობ მამაო, საოცარია, ღმერთმანი, ვითა ვქნა სიკეთე გაუბედურებულმა, შეურაცხყოფილმა და მიწასთან გასწორებულმა უსუსურმა ქალმა. ან ვის რად უნდა ჩემი სიკეთე…
- ღმერთს უნდა!
- რისთვის და ვისთვის?
- შენთვის და სოფლისათვის. მხოლოდ სიკეთით უნდა დაიძლიოს ბოროტება. სხვა ძალა მისი დამთრგუნველი არ არსებობს.
- განა იმიტომ მომივლინა ღმერთმა ეგ უბედურება, რომ საზღაურად სიკეთე ვთესო.
- იქნებ შენც იობივით გცდის.
- მწვალებელი ღ მ ე რ თ ი ც არ მინდა… ან როგორღა მთხოვს სიკეთეს, თუ მისი გამოვლენის საშუალებებს მისპობს.
- სიკეთის გამოვლენის საშუალება შენ მხოლოდ ახლა მოგეცა.
- მე გაუბედურებულსა და სვეგამწარებულს?
- დიახ, ადამიანი ჭირში იცნობა.
- მამაო! თუ შენი ზეციური ძალები ასე თოჯინასავით მცდიან და მათამაშებენ, ცისკენ ახედვაც არ მინდა.
- როგორ მოგეშვა! როგორ შეგატოვო ეშმაკსა და ავ სულებს!
- საოცარია, გოთოშიების სიყვარულს მაძალებ, იმ გოთოშიებისა, რომლემაც ფეხქვეშ გამთელეს.
- სიყვარულს როდი გაძალებ…
- მაშ რაღას ითხოვ ჩემგან?
- არ შეიძულო, არამედ შეინანე. ისე შეინანე, როგორც იესომ გამყიდველი და მოღალატე იუდა!
- მე არც ღმერთი ვარ და არც ღმერთის შვილი… მე მიწის შვილი ვარ… გამაუბედურეს და ბოღმა მახრჩობს…
- რა გაეწყობა… ჩემი ვალია, შეგაგონო… გახსოვდეს, სიძულვილი და ბოღმა ჯოჯოხეთის ჯურღმულში ჩაგიყვანს. შენ კი შეგეძლო წმინდანი გამხდარიყავი”.