ამონარიდი რამაზ კობიძის მოთხრობიდან – „ბიძინა”

„ – ქართველი მწერლებიდან ვინ უფრო გიყვართო, ჰკითხა სათვალიანმა, დაღლილობისაგან ფერწასულმა, ჭაღარა კაცმა.

- ვინც კარგად წერს, ყველა მიყვარს. – ბიძინამ მხრები აიჩეჩა.

- მაინც, თქვენის აზრით, კარგად ვინ წერს?

- კარგად ძალიან ბევრნი წერენ.

- ბევრნი წერენ… – გაიმეორა გამომცდელმა, – თქვენის აზრით, ეს სწორი ფორმაა?

- არა. უფრო სწორია… ბევრი წერს.

- უფრო სწორი და ნაკლებად სწორი… – გამომცდელმა უკმაყოფილოდ ჩაახველა, – კარგი, მაინც ვინ გიყვართ ქართველი მწერლებიდან?

- პირველია, რა თქმა უნდა რუსთაველი…

- მე თანამედროვე მწერლებზე გეკითხებით.

- თანამედროვე… გალაკტიონი.

- კიდევ?

- ლეონიძე, აბაშიძე… ჩიქოვანი…

- ლეონიძის რომელი ლექსი იცით?

- ზეპირად? არც ერთი. ლეონიძე ცოტა… მემძიმება.

- მართლა?

- დიახ.

- საინტერესოა. ასე, ჭაბუკო, მარტო წაკითხვით ლექსის ცოდნა დიდი ვერაფერი ვაჟკაცობაა. ლექსი ზეპირად უნდა იცოდე. ძალას ვერავინ დაგატანთ, მაგრამ ყოველმა ქართველმა ახალგაზრდამ, – აი, თქვენს ასაკში, – შვიდი, რვა, ათი ქართველი პოეტის გამორჩეული ლექსები მაინც – ზეპირად უნდა იცოდეს. ლეონიძე კი, იქნებ, ერთხელაც გადაგეკითხათ, ა? გალაკტიონის ლექსები იცით?

- დიახ… მაგრამ…

- მაგრამ რა?

- პროგრამაში არ წერია, ლექსები ზეპირად ისწავლეთო.

- როგორ გეკადრებათ, წერია! „ნიკორწმინდა”-ც არ იცით?

- მთლიანად არ ვიცი.

- აბა, ნახევარი?

- თქვენ დაცინვის უფლება არა გაქვთ.

- ვინ დაგცინით! როგორ გეკადრებათ! პირიქით, მე „ზედმეტად” აღტაცებული და აღფრთოვანებულიც კი ვარ. თქვენამდე მაგ სკამზე ერთი ქალიშვილი იჯდა და იმას ილია ჭავჭავაძის სიკვდილიც კი… გამოჰპარვია. როცა ვუთხარი, მოკვდა-მეთქი, ძალიან ეწყინა, ვაი, ახლა რაღა გვეშველებაო… „სამიანი” გაწყობთ?

- მაწყობს. სულ ერთია, მაინც ვერ მოვხვდები.

- მეც ეგრე ვფიქრობ, კარგად ბრძანდებოდეთ!”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>