ამონარიდები აკაკი მუხურაძის რომანიდან – „გამჭირვალე ნიღბები”

„ – სიყვარული იცი, რა არი? გოგრიდან, რაც შიგა გაქვს, ყველაფერს რომ გამოიბერტყამ, ჯიგარს რომ ამაიცლი, სისხლს რომ ამაიშრობ, მთელ ჯანს რომ დაცლი, დაასუფთავებ და მერე იმ ფუტლიარში შენს გულისვარდს სამუდამოდ შიგ ჩაასახლებ, სადაც წახვალ, თან რომ დაგყამს, გძინამს, შენთან არი, გღვიძამს, შენთან არი, ფიქრობ, შენთან არი. შენ სულ რომ აღარა ხარ და სულ მთლად რომ ის არი, სიყვარული ეგაა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – მე რომ მკითხო, ბატონო პეპო, კაცურ კაცში ყველაზე მეტად სიტყვის კაცობას ვაფასებ. „სიტყვის კაციაო”, კაცზე რომ იტყვიან, ამაზე უკეთესი ჯილდო კაცობისათვის სხვა რა უნდა იყოს!”

* * *

„მთავარია, კაცმა ბედნიერების საუფლოში იგრძნო თავი, თუნდაც ეს ილუზიის ნაყოფი იყოს, წუთისოფლის უდაბნოში მოჩუხჩუხე წყაროს მირაჟი, რომ მოწყურებულმა მგზავრმა წარმოსახვით მაინც აღიქვას ცივი, ანკარა წყლით მონიჭებული ნეტარება და ამ უთავბოლო წუთისოფლის გამეჩხერებულ ყვავილნარს შეავლოს თვალი”.

* * *

„ – როგორი არარაობაა ბუნების მშვენიერების ფონზე ადამიანი. მერე მოდის ეს არარაობა და ამ მშვენიერებაში შესწორებები შეაქვს, თავის ხელებს აფათურებს, ყველაფერი უნდა წაბილწოს. ღმერთო, რა მოელის ამ მუცელგამოფატრულ დედამიწას?”

* * *

„უბედურება ისაა, რომ ზოგიერთს მიაჩნია, შრომით ადამიანის შექმნის პროცესი პალეოლითის ხანაში დამთავრდა და დღეს შრომის გარეშე შეუძლია ადამიანს სახე შეინარჩუნოს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ყველა როდია დაჯილდოებული სამყაროს ეპიკური აღქმის უნარით”.

* * *

„ – ალბათ ასე ყოფილა! ფულის შოვნა თუ იცი კაცმა, სხვა აღარაფერი აღარ უნდა იცოდე”.

* * *

„საფრთხიდან თავდაღწეული ბოროტება გაცილებით სიცოცხლისუნარიანია”.

* * *

„ – მთავარია ჭამის მადა არ დაკარგო კაცმა. დანარჩენს, ყველაფერს ეშველება. სულიდან თუ რაღაც გაგეპარა, მაგაზე დარდით თავი არ უნდა მოიკლა, რა არის სული? ბოლოს და ბოლოს ჰაერია და მეტი არაფერი, ცხონებულ ბაბუაჩემს სულ ეპარებოდა, მაგრამ 120 წელიწადი ისე მოჭამა, ღრანჭი არ გაუჩერებია”.

* * *

„ – კაცურ კაცთან ლაპარაკი დიდი ბედნიერებაა, ჩემო რეზიკო; ისეთი სასიამოვნო შეგრძნება გაქვს, თითქოს გული თბილ აბაზანას იღებს, როცა ხედავ, მთელი ყურადღებით გისმენს, შენც უსმენ და იმ მომენტში სხვა რამეზე – ეშმაკებზე და გაცურებაზე არც ერთი არ ფიქრობთ. ეეჰ, გაფუჭდა ხალხი, რეზო ბიძია, ეჭვით ვუყურებთ, ერთიმეორეს აღარ ვენდობით და მართალიც აღარ გვჯერა!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>