ამონარიდები აკაკი მუხურაძის რომანიდან – „გამჭირვალე ნიღბები”
„ – მაგას ჰქვია სამართალი? – ხმალივით იქნევდა ხელს ბათუ, – ვიღაც აფერისტმა მამა-პაპური კარ-მიდამო წაგართვას და სამართალმა ტაში დაუკრას?
- სწორედ მაგაშია სამართლის ძალა! – ამტკიცებდა კაპიტონი.
- პატივცემულო კაპიტონ, ეგ კოდექსი ჯანუაშვილს და გვერდელაძეს ხომ არ შეუდგენია?
- სამართლის კოდექსი პირველად რომაელებმა შექმნეს.
- კარგი მამაძაღლები ყოფილან ეგ რომაელები! – გაფიცხდა ბათუ, – ალბათ, ეს გვერდელაძეები და ჯანუაშვილები რომშიც ცხოვრობდნენ!
- რატომ, კაცო? ეგ კოდექსი გზადაგზა იცვლებოდა, – წამოიწყო ლექცია კაპიტონმა, – იმის მიხედვით, თუ რა ცვლილება ხდებოდა ადამიანთა სულიერ და მატერიალურ ურთიერთობებში, კაცობრიობა ხვეწდა კოდექსს და ამ ურთიერთობებს აწესრიგებდა.
- რას ამბობს ეგ კოდექსი იმ ვაჟბატონზე, თვეში ას მანეთს ხელფასს რომ იღებს და ერთ წელიწადში ნახევარმილიონიან სახლს იშენებს?
- მაგას დაადგენენ და საკადრისს მიუზღავენ!
- ვინ ადგენს მერე? – ჩაეკითხა ბათუ.
- სახელმწიფო!
- რად უნდა მაგას დადგენა და მობოდიშება, ხედავ – აშკარად იპარავს, მამლის ბოლოს ვინ ჩივის, სირაქლემა უჭირავს ხელში. დღისით, მზისით ჩაგივლის ცხვირწინ და გეუბნება: ფეხებსაც ვერ მომჭამო!
- „ნე პოიმონი, ნე ვორ!” – მოიშველია კაპიტონმა.
- იურისტები ალბათ მაგ ანდაზას უფრთხილდებით, თორემ შევცვლიდი მაგ კოდექსს და იქნებოდა „პოიმანი”!
- კოდექსის ხშირი ცვლა მართლმსაჯულებაში ანარქიას შექმნიდა.
- ასე ფიქრობდა ღმერთიც, შვიდ დღეში რომ მიაჩიქორთულა ეს ქვეყანა. მერე ხელი აღარაფერს ახლო და კი ეტირა დედა!”
* * *
„ – სამწუხაროდ, სახელმწიფო ბეჭედს არ აქვს იმის შეცნობის უნარი, აფერისტს უჭირავს იგი ხელში თუ პატიოსანს!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – მთავარი ის არი, შამშოვიჩ, მუშაკაცის წილი კარგად მოზომო: სამყოფზე ნაკლები რომ მისცე – ვეღარ იმუშავებს, მეტი რომ მისცე – აღარ იმუშავებს. გამოდის, რომ მუშა კაცს არც მეტი უნდა მისცე, არც ნაკლები”.
* * *
„ – ქალთა ინტიმური სამყარო მათი ქვედა საცვალივითაა. ქალს აღმერთებ, ეთაყვანები და რაც შორსაა შენგან, მით უფრო მომხიბლავია. რაც უფრო უახლოვდები, ჩვეულებრივ მოკვდავს ხედავ მასში, ხოლო სარეცელზე კი ჩვეულებრივ ცხოველად იქცევა, რომელიც ყველაფერს აკეთებს თავისი ვნების დასაკმაყოფილებლად”.
* * *
„ხალხი გადაიღალა სერიოზულობით, წინასწარ დაზეპირებული სიტყვა-პასუხებით, დაუსრულებელი ოფიციალურობით, შაბლონითა და ფარისევლობით. ყველას უნდა რაღაც ისეთი, მიწიერი, ნატურალური, რასაც სიყალბის სუნი არ დაჰკრავს!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – კაცებს ერთი უბედურება გვჭირს და ეს უბედურება ქალების თავზე ტყდება: სანამ შენსას მიაღწევ, მთელ შენს სიცოცხლეს ჰპირდები, ყველაფერს ჰპირდები – აღარაფერს იტოვებ შენთვის, მიზნის მიუღწევლად შეუძლებელი გგონია სიცოცხლე. ასეთი შეგრძნება გაქვს და თუ ქალი ამ შიშის შეგრძნებისაგან განთავისუფლებს და შენს სურვილს აკმაყოფილებს, გამოდის, რომ საკუთარი ხელით ინგრევს ხიდს, იმ ხიდს, რომელმაც იგი მომავლის გზაზე უნდა გაიყვანოს!”