ამონარიდი ვაჟა ჩორდელის მოთხრობიდან – „სიკვდილი ასტიონს ეძებს”
„ძაღლი სლუკუნებდა და სლუკუნებდა…
- ეტყობა, სადღაციდან მოხვდა ამ სოფელში, კარი არავინ გაუღო, არავინ შეიფარა, არავინ უმასპინძლა უტყვ სტუმარს. ის კი არა და, ძაღლებიც დაუქსევიათ სეირის საყურებლად. ნახე, ნახე, გამოგლეჯილი აქვს ყველაფერი. ტალახსა და ლაფშიც გულიანად უთრევიათ. ეჰ, რა არის ეს უკუღმართი სოფელი, უჯიგრო ხალხი, არავის რომ არავინ არ უნდა. დიახ, დიახ! თუ ეს ასე არაა, ერთი ძაღლის შეკედლება რა დიდი საქმე იყო, ეჭმიათ, ესმიათ, ამასობაში პატრონიც გამოუჩნდებოდა, ან თავის გზას თვითონვე მოძებნიდა, მაგრამ ამნაირ სოფელს თავიდან ბოლომდე ცეცხლი უნდა წაუკიდო და წყალი დაუშრო. ოო, კახ! ოოოო! – შეჰყვიროდა ძაღლსა და სოფელს გიჟი ასტიონი.
ძაღლი კანკალებდა…
ასტიონმა ხელში აიყვანა სულმიხდილი, დაჯიჯგნილი მყეფარი და შეშის საჩეხისკენ ჩქარი ნაბიჯით გასწია. ძაღლი საჩეხთან დასვა, მერე ჯვალოს დაბლეკვილი ნაჭერი მოძებნა სადღაც, მიარბენინა, იქვე კუთხეში დააგდო და ძაღლი ზედ დააწვინა. მერე აქეთ-იქიდან შეშისა და დაშლილი ყუთის ფიცრები შემოუყორა.
- საჭმელი უნდა ახლა ამას, ამ გაჭირვებულს! ვაშლსა და მსხალს არ შეჭამს, ჰოდა, სხვა რა მაბადია, რა ვიცი, რა ეშმაკი ვუყო ახლა ამას, აა? – ლაპარაკობდა თავისთვის ასტიონი.
ძაღლი მძიმედ სუნთქავდა.
- სიკვდილმა ჩემს ჭიშკრამდე მოგაცილა, ხომ? ვაი, რა ვუთხრა ამ სოფელს. ხალხის სამსახურში ამოსვლია სული შენს მამა-პაპას და ხომ ხედავ, რა პატივი დაგდეს! ეტყობა, კარგად ვერ აწონ-დაწონე, ვერ მიხვდი, რომ, სოფელი ცხელსისხლიანი ზემავალი ქვეწარმავლებით არის დასახლებული. არ იცოდი, ვერ გაიგე, ვერ განსაჯე, ვერ გათვალე და მიტომაც დაგემართა ეგ! რომელ სოფელშიც შეხვალ, თუ შენნაირი ქუდი იქით ვერ დაახურე, აქეთ იმისი ცოტა პატარა უნდა შეარჩიო და ისე, ქუდმაცილობელივით დაიფარო, და რატომ, ვერ მიხვდი? თუმცა შენ რას მიხვდები, სული ძლივს გიდგას, ისევ მე გეტყვი: იმიტომაა საჭირო ეს ყველაფერი, რომ, რა იცი, როდის გაგიფართოვდება თავის ქალა, როდის მოგინდება ის, რაც შენ გინდა! სხვანაირად ამ სოფელში ვერ იცხოვრებ, გაგსრესენ, გაგთელენ, ფეხქვეშ ამოგიდებენ! და აი ფაქტიც: გასრესილი, გათელილი და ფეხქვეშამოდებულის მეტი რა გქვია ახლა შენ? სხვანაირად როგორ დამისურათებ შენს ყოფას?! ოო, კახ! ოოოო! – დააყვირა ძაღლს გიჟმა ასტიონმა”.