ამონარიდები მიხეილ ჯავახიშვილის რომანიდან – „გივი შადური”
„ერიდეთ ყველას, ვინც არ იცინის, არც მღერის, არც სვამს და არც არშიყობს. ასეთი კაცი სამოთხეში შეგიპატიჟებს და ჯოჯოხეთში გიკრავს თავს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„დამიჯერეთ, ბრიყვი, ჰიმნის მღერის დროსაც ბრიყვია”.
* * *
„უმადლოდ ჯვარის ზიდვა ქვის ადამიანსაც არ შეუძლიან. მადლი შრომის ოფლის მოსაწმენდი პირსახოცია, ჯვრის საზიდავი ურემია, რომელსაც კამეჩის ნაცვლად ადამიანი მიაგორებს, რბილი ხალიჩაა, გოლგოთის გზაზედ დაფენილი”.
* * *
„ – მეგობრებო, თქვენი არ ვიცი, მე კი გამოვცადე: ადამიანის სიცოცხლეში რამდენიმე დღე ან საათია დიდი სიხარულისათვის გადადებული: ქორწილის ღამე, მემკვიდრის დაბადება და საპატიმროდან გამოსვლა. ყოველივე დანარჩენი უბრალო ღიმილია”.
* * *
„ყველანი ასეთები ვყოფილვართ ურთიერთისათვის: როცა საჭირო არ არის, მუდამ ღია გვაქვს გონებისა და სულის ყველა კარი და სარკმელი, მაგრამ მაშინ, სწორედ მაშინ, როცა ერთმანეთის ყოფნა თუ არ ყოფნა უნდა გადაიჭრას, სწორედ მაშინ ვიკეტავთ ცხრაკლიტურით ყველა ხვრელსა და ჭუჭრუტანას”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ღვინო საწამლავია, მაგრამ ყოველივე ნაჭარბიც საწამლავია: საჭმელიც და წამალიც, ძილიც და შრომაც, ცოდნაც და სიყვარულიც. ზოგი ათასს მოინელებს, ზოგი კი ერთსაც ვერ მოერევა. ზომიერება ნამდვილი ღმერთია, და ვინც მას მიაგნო, ამ ქვეყნადაც ცხონებულია”.
* * *
„ზოგჯერ სახელიც ისე ადვილად რყვნის ადამიანს, როგორც სილამაზე ქარაფშუტა ქალს”.
* * *
„სადაც ჯანსაღი სიყვარული არ არის, სადაც სავსე მთვარე არ იხედება, სადაც თბილი ღამის სურნელი ოდნავ მაინც არა ტრიალებს და სადაც არც ზამბახი იცრემლება, იქ არც მშვენიერება მეგულება”.
* * *
„ამ ქვეყნად კაცი არ მეგულება, რომ მის ცხოვრებაზე მსოფლიო რომანი არ დაიწერებოდეს”.
* * *
„მარტო მკვდარს ნუ გადაეგებით, ცოცხლებსაც უპატრონეთ”. – (ავტორი გენია.ჯი)