თენგიზ ჩალაურის ნოველა – „ბოლოთქმა”
„შუადღის მზისაგან მისავათებული, თეთრხილაბანდიანი კაცი ყანის შუაგულში მდგომ კაკლის ამობურცულ ფესვზე იჯდა და შეუფარავი ყურადღებით ჩასცქეროდა ბალახებს შორის, თითის სიგანე დამრეც ბილიკზე, გაჭირვებითა და ვაი-ვაგლახით ამომავალ ყავისფერ ჭიანჭველას.
მომწვანო, ნედლი მარცვალი, რომელსაც ეს პატარა მაიმახი მოათრევდა, რომელიღაც სარეველას თესლი უნდა ყოფილიყო, მაგრამ როგორც ჩანდა, იმდენად მძიმე იყო მისთვის რომ მალიმალ სძლევდა, ითრევდა, აქანებდა და უკვე ამოვლილ გზას ხელმეორედ დასაძლევს უხდიდა.
კაცი გაოცებული გახლდათ ამ ციცქნა არსების გულმოდგინებით, შრომისმოყვარეობით, შეუპოვრობით და, როდესაც სარჩოს ჩაბღაუჭებული ჭიანჭველა მეოთხედ შეუდგა აღმართს, აღტაცების ნიშნად წამოუსტვინა და ხელიც შემოიტყაპუნა ბარძაყზე.
სრულიად მოულოდნელად, ბილიკის თავში დიდი, მურა ჭიანჭველა გამოჩნდა, დაბარებულივით დაქიმითებულმა ჩამოირბინა დაღმართი, გზად შემხვედრს გვერდი აუქცია და, როდესაც მტკაველის მანძილზე გაშორდა, თითქოს რაღაც იაზრაო შედგა, შემობრუნდა, აღმართში ხვანხვალით მიმავალს წამოეწია და წინ გადაუდგა.
კაცი პირველხანად ვერაფერს მიხვდა, რადგან ჭიანჭველები ისე უხახუნებდნენ ერთიმეორეს საცეცებს და ცხვირებს, თითქოს დიდი ხნის დანატრული მოკეთეები შეჰყრიანო ერთმანეთს, მაგრამ, როდესაც დიდი პატარის ნაჯაფარს ჩაეჭიდა და დასაკუთრება მოუნდომა, მაშინღა მიხვდა, წართმევას რომ უპირებდა.
მურა ჭიანჭველა თავის დაგვალულ თანამოძმეზე რამდენიმეჯერ აღმატებული ჩანდა და, ეჭვგარეშეა, ძალ-ღონეც შესაბამისად მეტი უნდა ჰქონოდა.
თუმცა ტანმორჩილი საოცრად დაღლილი და არაქათგამოცლილი იყო, მაინც გაქირის სიჯიუტით გაუძალიანდა, არც შეუშინდა, არც წილხვედრი დაუთმო და, როდესაც მოძალადემ მარცვლიანათ აითრია, უკანა ფეხებით ბალბის ღერს ჩაეჭიდა, ბაგირივით გაიჭიმა, დაიძაბა და შეაჩერა.
გოლიათი გააოცა ასეთმა მოულოდნელმა წინააღმდეგობამ. ცოტა ხნით გაოგნებული შედგა, თითქოს ჰკვირობდა: „ეს ვინ ყოფილაო…” შემდეგ მარცვალს თავი მიანება, შემოურბინა და გაჯიუტებულს გაგულისებული ეძგერა.
ხის ფესვზე წამომჯდარი გლეხკაცი წინ გადაიხარა, რათა უკეთ დაენახა, რა ხდებოდა მისგან ორიოდ ნაბიჯის მოშორებით და, როდესაც შეტოქებულნი ერთურთს გაშორდნენ, შენიშნა, რომ პატარა ხერხემალში იყო გადატეხილი და უკანა კიდურებს ციებიანივით აცახცახებდა.
გამარჯვებული ნაალაფარს დინჯად მიუბრუნდა, ჩაეჭიდა და საკმაოდ თავისუფლად წაათრია აღმართში, მიუხედავად იმისა, რომ დასახიჩრებული კუთვნილს მაინც ზედ ეკიდა და არაფრისდიდებით არ თმობდა.
ყოველივე ამის მაცქერალმა ადამიანმა გაავება იგრძნო, „ასეა ყოველთვის და ყველგან…” – ფარული გაღიზიანებით გაიხსენა, მერე, „ყოფას გიტირებო”, მოძალადეს დაემუქრა და მიწიდან გამხმარი წკირი აიღო. ეს უმნიშვნელო საგანი სრულიად საკმარისი გახლდათ ბოროტი ავაზაკის დასასჯელად, მაგრამ ბუნებისაგან ღვთისდარად შექმნილს კაკლის გრილი ფესვიდან წამოდგომა და წელისთრევა დაეზარა, წკირი შორს მოისროლა და კვლავინდებურად გულგრილი მაყურებლის როლში დარჩენა ამჯობინა.
დამარცხებულმა აღმართის ბოლომდე არ დასთმო მარცვალი, სიცოცხლესავით ეკიდებოდა სარჩოს, იქ კი, უკვე სიყვითლე შეპარული ბალახების ძირში, საბოლოოდ განრისხებულმა მურა ჭიანჭველამ ერთხელაც მოიცალა მისთვის, სხეულის დამბლადაცემული მხრიდან მიადგა და მძლავრი ყბებით აუჩქარებლად აქნა და ნაჭერ-ნაჭერ დააქუცმაცა.
ვიდრე სულს განუტევებდა, პატარა ჭიანჭველამ წყენანარევი მზერით ახედა ზეცას და არსებობის მანძილზე პირველად გაიაზრა სამდურავი: – „ყოვლისშემძლევ, ეს არის შენი ნაქები სამართალი?!”