სანჩო პანსას მონოლოგი „დონ კიხოტი”-დან…
„ – ბატონებო, ახლა კი მივხვდი, რომ მსაჯულები და გუბერნატორები ბრინჯაოსაგან უნდა იყვნენ ჩამოსხმულნი, თორემ აბეზარი მთხოვნელები სულ მალე მოუღებენ ბოლოს. ყოველდღე, ყოველ საათს, წუთსა თუ წამს დაჟინებით მოითხოვენ, რომ მიიღო, მოუსმინო, გინდა თუ არა, მათი საქმე გაარჩიო და განიხილო, საწყალი გუბერნატორი კი ვის რაში ენაღვლება, ყველას ფეხებზე ჰკიდია. არ მიიღებ და საქმის გარჩევაზე უარს ეტყვი, ან იმიტომ, რომ უდროო დროს მოეთრნენ, ან კიდევ იმის გამო, რომ არ შეგიძლია, – ვაი შენი ბრალი: ლანძღვა-გინებით აგიკლებენ, დედას გიტირებენ, მკვდრებს საფლავებიდან ამოგიყრიან. რა გეჩქარება, შე რეგვენო და ჭკუათხელო მთხოვნელო? მოიცა, ყველაფერს თავისი დრო აქვს, ხელსაყრელ შემთხვევას დაელოდე, რაღა მაინცდამაინც სადილობისას მოგინდა მოსვლა, ან როცა მძინავს, სწორედ მაშინ მომადგები კარზე?”