კვაჭი კვაჭანტირაძე სტუმრად პარიზში…

„ – ნეტავ რომელ ხელს გაუკეთებია აი მშვენიერი ქალები! ბესო, ერთი შეხე მაი უთავო და უხელო ჩაკუნტულ ვენერას. დაადე ხელი თეძოზე და გეიგე, ცოცხალია მაი თუ მართლა მარმარილოა?.. რაო, ხელის ხლება არ შეიძლებაო? კაი, მარა… ღმერთო, მიშველე! რავა გააკეთა ისთე ვინცხა ქვის მთლელმა ბერძენმა აი ქალები, რომე მაი ქვას ცოცხალ ხორცის სუნი და სითბო ასდის! ბესო, წა, გენაცვა, გეიგე, რავა გაჰყიდიან აი, ამ ვენერას, მილოსელს? კაი რამე ყოფილა, ალბათ ვინცხა პოლონელის ან რუსის თავადი მილოსსკის ცოლი იქნებოდა. თუ ათას ფრანკზე მეტი არ დაგიფასეს, ვიყიდი და ჩემს ბინაზე კიბესთან დავდგამ, მოტეხილ ხელებსაც გავაკეთებიებ, ერთ ხელში ყვავილებს ან ყანწს ჩავუდებ, მეორეში ელექტრო ლამფას დავაჭერიებ. მე შენ გეტყვი, ვერ დაამშვენებს კვაჭანტირაძის სასახლეს თუ?!”

* * *

„ – აია ჯიოკონდა? – გაიკვირვა კვაჭმა: – აი იყო, შარშან რომ მოიპარეს?.. იმე, თლა სულელი ყოფილა მაის ქურდი! რა ღირს აი სურათი?

- უფასოა, არ გაჰყიდიან, ხოლო მცოდნენი ერთ მილიონს აფასებენ. მილოსელი ვენერაც ამდენივე ეღირება.

- იმე, რამდენი სულელი ყოფილა ქვეყანაზე! ათ მანეთს არ მივცემ მაგაში. შეხედე, ბესო, შეხედე, რავა დოუბრეცია თვალები! აჰ, თლა სულელები ყოფილან, თვარა ვინ ტუტუცი მისცემს ვინცხა კაროჟნას სურათში თუნდ ას მანეთს? ნიძლავს დავდებ, რომე ას მანეთად დღესვე ამაზე ლამაზს ხუთ ცოცხალ ქალს ვიშოვი, მაგ „კარტიჩკაში” რავა მივსცემ მეტს!”

* * *

„ – აი, სორბონნა… აი, საფრანგეთის კოლეჟი… სენ-ჟენევიევის წიგნთსაცავი… აი, განთქმული პანთეონიც. იმის წინ რომ ბრინჯაოს ძეგლი სდგას, საფრანგეთის სახელოვან მოქანდაკე როდენის ნამუშევარია. იგი გამოჰხატავს ადამიანს, რომელიც აზროვნებს.

ბრინჯაოს ბუმბერაზი ადამიანი იჯდა. ფეხი ფეხზე გადაედო, ნიკაპი მუშტზე დაებჯინა და ისე მძლავრად, ისეთის ჟინითა და ნებისყოფით ჰფიქრობდა, რომ ფეხის ძაღღვებიც კი დაჭიმული ჰქონდა, თითქოს ფიქრი იმ ძარღვებსაც აწვებოდაო, თითქოს ძალას ატანდა და იშველიებდაო.

კვაჭი ბრინჯაოს ადამიანს დააცქერდა და სთქვა:

- რაცხა დიდ კომბინაციას აიმასქნებს აი კაცი. ნეტა მაჩვენა აგი, კაი ამხანაგი გამევიდოდა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – აი პარიზი ჰგავს ცოცხალს მზეთუნახავს, ფრანგს ტიტველ დედაკაცს, რომელიც სენის ნაპირებზე საქვეყნოდ გადაწოლილა, და ამიზაა, რომ ყოველი კაცი ქვეყნის ყოველი კუთხიდან მორბის აქინე მაის სანახავად, თვარა სხვა რა მოარბენინებს აქინე გაკოტრებულს, ღვანკითელსა და სამტრედიელ კუდაბზიკა აზნოურებს?”

* * *

„მარნის გორაკების თავზე დილის ბურუსიდან უზარმაზარი წითელი ბურთი ამოგორდა და ვარდის ფერად შეჰღება პარიზის ირგვლივ ჩამწკრივებული მწვანე გორაკები.

დილის ნისლი ლეჩაქივით ჩამოწოლილა და წაჰხურებია იმ თვალუწვდენელ სივრცის ნაოჭებს, გორაკების კალთებს, ქალაქების და სენის ხეობას.

პარიზი ნელ-ნელა ნისლოვან ლეჩაქს იხდის, თანდათან იღვიძებს, იზლაზნება, იზმორება და დილის ღიმილით იღიმება.

იგი ბურუსი, ღამის ნაორთქლარი და ნასუნთქი იმ მზე-ქალაქისა თანდათან გორაკებზე აიკრიფა, დასავლეთისკენ აუხვია და სენ-ჟერმენ-არჟანტელის მიდამოებსა და სენის ქვემო ხვეულებში ჩაწვა.

და ბედის მაძიებელთა თვალში გაიშალა და გაიფურჩქნა იგი მზეთამზე: დავარცხნილი, კაშკაშა, კეკლუცი და სპეტაკი, ღიმილიანი და სიცილიანი, კაშკაშა და მბრწყინავი, უსაზღვრო და თვალუწვდენელი, საბუდარი და ტაძარი, სანატრიონი და სიზმარეთი ყოველთა სულიერთა, მეცნიერთა და ხელოვანთა ამა ქვეყნისათა”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>