ამონარიდები ოტია იოსელიანის ნოველებიდან…
„ფრთები არ მაქვსო და გაფრენაზე რომ არ იოცნებო, მიწაზე სიარულსაც ვერ შეძლებ”. – (ჭერეხი და შიშველი მზეთუნახავი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რაც უფრო ჭირგადანახადია ბავშვობა, ქუფრი და გაუსაძლისი, მით უფრო შეულეველი და დაუვიწყარია იგი”. – (ჭერეხი და შიშველი მზეთუნახავი)
* * *
„მუსიკოსებს აქვთ ასეთი გამოთქმა: „ოცდაათი წლის კაცი რომ მუსიკის შესწავლას დაიწყებს, საიქიოს დაუკრავსო”. – (თავის თავზე არ ლაპარაკობენ)
* * *
„საქმეს თუ აკეთებ, რა გამოლევს”. – (ნადირობა კახეთში)
* * *
„ისტორია ხალხის ბედია… რაც მოდგამდა, რაც ღმერთმა დააწერა…” – (სოკოს კრეფა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რამდენი რამ გვეგონა ბავშვობაში გასაკვირი და მომხიბვლელი, მაგრამ მერე სხვა, უკეთესი რომ გვინახავს, ის კი არ დაგვვიწყნია, მაგრამ უკეთესი უკეთესად მიგვიჩნევია. ის კი არ გვითქვამს, რაკი ის პირველი იყო, ამიტომ ქვეყნის უკეთესიც იყოო”. – (ჩემი თეატრი)
* * *
„ეკლესია-სასაფლაოს ყოველთვის ახლავს ის გაურკვეველი, გაუცნობიერებელი, ყოფნა-არყოფნის თუ სააქაო-საიქიოს, მიწიერ-ზეციური იდუმალების უამური, შიშნეული უთამამობა, შემაძრწუნებლად რომ გვახსენებს: რომ ყველა აქა ვართ მოსასვლელი და დღევანდელი ჩვენი ბორძიკი და ფაფხური ამაოა. ვითომ, ყოველთვის ვიცით ჩვენი წარმავლობა და, გვინდა-არ გვინდა, არ ვიჯერებთ, ამ დაჯერება-დარწმუნებას კი ჩვენი უბადრუკობის შეხსენებისა და გულგატეხილობის გარდა, არაფერი მოაქვს და სანამ ვართ, იმასაც არყოფნად გვიქცევს”. – (ღმერთი, ხატი და დედული ბებია)
* * *
„ყველას თავისი ხასიათი, რიგი და წესი აქვს. შენ საქმე ქმნილი მითხარი, თორემ ვინ როგორ, რა ძალისხმევით, მუხლჩაუხრელობით და ღამეების თენებით შეძლო, ეს მან იცის”. – (ნადირობა კახეთში)
* * *
„ – ჩვენ „ვასაბუთებთ”, რომ ჩვენისთანა მოყვასი, სტუმართმოყვარე და კაცთმოყვარე ერი მეორე არაა-თქო, მაგრამ ძმას არ ვინდობთ”. – (სოკოს კრეფა)
* * *
„აკრძალული ხილი რომ ნამეტანი გემრიელი არ იყოს, პირს ვინ დააკარებდა”. – (ნადირობა კახეთში) – (ავტორი გენია.ჯი)