ამონარიდები ოტია იოსელიანის ლიტერატურული ქმნილებიდან – „მუხლზე დაწერილი ბარათები”
„კუჭის ამოსაყორს, მოგეხსნებათ, მთელი ქვეყანა დაეძებს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ხინჯი გულში არ შეუშვა, და თუ მაინც შეგეპაროს, რას იზამ, ზოგჯერ ასეც ხდება, არაფრით არ შეეგუო, არ დაისვენო, ძილი გაიტეხო ჯობია, მაგრამ გასაკეთებელი გააკეთე და ხინჯი მაშინვე გულიდან გამოდევნე, თორემ თავიდან ერთი ნამცეცია და თითქოს მისი ტარება არც ისე ჭირს, მაგრამ თუ მაშინვე არ მოიცილე, თანდათან მაგნიტივით იზიდავს ნამცეცებს, ისინიც ეკვრიან, ემატებიან და ბოლოს, შეიძლება, შურდულის კენჭისოდენა გახდეს. შენ თუ გგონია, ამაზე გაჩერდება და მალე მუჭისოდენა რიყის ქვად იქცევა!.. მაგ ქვამ ლოდადაც იცის გადაქცევა”.
* * *
„ხუმრობაში თუ ნახევარი მაინც არაა მართალი, რა ხუმრობაა, და ნახევარი დანაშაული დანაშაული არაა, თუ?”
* * *
„მშიერი ანგელოზიც კაცის ჭამას დაიწყებს”.
* * *
„ხდება ხოლმე, ჩინმედლიანი ვინმე დიდკაცი უჩინმედლოს გააჩინმედლიანებს, მერე მოხდება ისიც, რომ იმ აღმზევებელს ფეხი წაუცდება და კისერს მოიტეხს. ახალაღზევებული კი ზედაც არ დახედავს ან თუ დახედავს, ნიშს მოუგებს, კისერი ხომ მოგტეხე და, ასემც გიქნია, კინჩხიც მიგიყოლებიაო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სამყაროში უძრავად არაფერი დგას, ყველაფერი თავისი გზით მოძრაობს. მყინვარები რომ მყინვარებია, ისინიც კი”.
* * *
„ტყუილი საიდუმლოდ არ ინახება”.
* * *
„ადამიანს სინდისის, პატიოსნების, ნახევარი პურისა და ერთი ვიწრო საწოლის გარდა სჭირდება საქმე. წოლა, ძილი, ჭამა და ოქრო კი არა, საქმეა სამკაული და მშვენება კაცის”.
* * *
„რატომაა, რომ რაღაც დიდი და განუმეორებელი თუ არ დაკარგე, რაღაც შეულეველი თუ არ შეწირე, ვერაფერს დიდს ვერ შექმნი, ვერავითარ წინსვლას ვერ ეღირსები? უნდა დაკარგო, რომ იპოვო!”
* * *
„თურმე უიმედო იმედიც იმედია”. – (ავტორი გენია.ჯი)