ამონარიდი ოტია იოსელიანის კრებულიდან – „მუხლზე დაწერილი ბარათები”
„ – ჩემო კაკაუტო, აქ მეზობლები რომ არ ჩანს. მთელი დღეა, კაცის ჭაჭანება არ შემინიშნავს.
- ასე, ყოველდღე საყურებელი მეზობელი სადაა?! – გაუკვირდა მასპინძელს. – ან ჩემს ეზოში რატომ დასახლდება? ყველას თავის კარ-მიდამო აქვს.
- შენი სახლი ჯერ ხეირიანად არც კი ჩანს და უკვე ეზოში ვართ?!
- ამ დილითაც ჩემს ეზოში არ შეხვდით? აბა, მეზობლის სტუმართან მე რა ხელი მქონდა?
- ამოდენა ეზოები გაქვთ და ასე შორს ცხოვრობთ ერთმანეთთან?! – ვერაფრით წარმოვიდგინე ასკილომეტრიანი ეზო.
- არა, რა შორს ვართ, თუ მარჯვე ძაღლები გვყავს, სამ დღეში გადაირბენ, სამ დღესაც – აქეთ… და ერთ კვირაში შინა ხარ. ამას წინათ, აუტო მარილზე გავგზავნეთ მეზობელთან, ძალიან მარჯვე ბიჭი გვყავს აუტო: მეხუთე დღეს საღამოს სახლში იყო. მე და კიკიტო მაინც მთლად კარის მეზობლები ვართ, არც კუკუკიტოს ეთქმის შორებელი, ცხრა დღეში იქითაც მიხვალ და აქეთაც დაბრუნდები.
- აგაშენათ ღმერთმა, ძალიან მჭიდროდ დასახლებული სოფელი ყოფილა.
- მომრავლდა ხალხი, ჩემო კიკიმონო. საწყალი ბაბუაჩემი, დაადგა ნათელი, ერთი თვე უნდებოდა მეზობლებთან გადასვლა-გადმოსვლას. ასე თუ წავიდა საქმე და დღენახევარში მეზობელთან გაჩნდი, ასეთ მეზობელს რა მოგანატრებს და მისი დანახვით რა გაგახარებს? გროშად არ ეღირება ჩვენი სიცოცხლე!” – (ავტორი გენია.ჯი)