სანჩოს უკვდავი მონოლოგები ხელგამხმარი საავედრას „დონ კიხოტი”-დან…

„ – მე ამ ხაჭაპურს ჩავიტან წყაროზე და ისე მივაძღები, რომ სამი დღე აღარაფერი მომინდეს. ვინ მოსთვლის, რამდენჯერ უბრძანებია ჩემს ბატონ დონ კიხოტს, მოგზაური რაინდის საჭურველთმტვირთველმა, როგორც კი საშუალება მიეცემა, ისე უნდა ამოიყოროს მუცელი, რომ გასკდომას აღარაფერი უკლდესო, თორემ, ვინ იცის, იქნებ იმისთანა ტყე-ღრეში შეეხეტოს, რომ მთელ კვირასაც ვეღარ გამოაღწიოს იქიდან და, თუ მშიერი ან გუდაცარიელი შეეხეტა, მორჩა, მოგჭამათ ჭირი, შიმშილით სიკვდილი არ ასცდებაო”.

* * *

„ – მაგ თქვენი ფილოსოფიის ბევრი არა გამეგება რა, მე მხოლოდ ერთი რამ ვიცი; ნეტავი, ის ჩემი საგრაფო მალე ჩამაგდებინა ხელში და მისი გაძღოლა ჩემზე იყოს. ღვთის მადლით, სულიც ისეთი მიდგას, როგორც ყოველ ადამიანს, და არც ხორცით დავუვარდები ვინმეს, ასე რომ, ჩემს სამფლობელოში ისეთივე მეფე ვიქნები, როგორიც სხვები – თავისაში; რაკი მეფე ვიქნები, რაც მომეპრიანება, იმას ვიზამ; რაკი იმას ვიზამ, რაც მომეპრიანება, ნეტარებასაც ვეწევი; რაკი ნეტარებას ვეწევი, სანატრელიც აღარაფერი მექნება და, მოდი, ამით მოვრჩეთ და მოვათავოთ. ერთი იმ ჩემს საგრაფოს ვეღირსო და როგორც მოვუვლი, „ჩვენივე თვალითა ვნახავთ”, როგორც ერთმა ბრმამ უთხრა მეორეს”.

* * *

„ – ვაჰმე, მოგზაური რაინდობის შნოვ და ლაზათო, ნუთუ ეგ გეწერა ბედად რომ შენი დიდებული ცხოვრების ნახევარგზაზე კომბლის ერთი დარტყმით მოგღებოდა ბოლო?! ვაჰმე, მოკეთე-მოგვარეთა სიქადულო, ლამანჩისა და მთელი ქვეყნის ჯავარო და შარავანდო! რაღა ეშველება უშენოდ შთენილ სამყაროს? ხომ აივსო ყაჩაღებითა და ავაზაკებით, რადგანაც ამიერიდან ვეღარავინ ალაგმავს მათ ავკაცობას! ვაჰმე, ვაჟკაცო სწორუპოვარო, სიუხვით რომ ყველა ალექსანდრე დიდს აღემატე, რადგან სულ რაღაც რვა თვის სამსახურის სანაცვლოდ კუნძულთა შორის უკეთესი კუნძული მიწყალობე, ზღვის ტალღები რომ უკოცნიან კლდოვან ნაპირებს! ვაჰმე, თვინიერო, ქედმაღალთა წინაშე და ქედმაღალო თვინიერთა მიმართ! ვაჰმე, განსაცდელში შეუპოვარო, ჭირთათმენაში უებროვ, უსატრფოო მიჯნურო, კეთილთა მბაძავო, უკეთურთა ჯალათო, უღირსთათვის ღვთის რისხვავ, მოკლედ, მოგზაურო რაინდო, ანუ უღირსებულესთა დიდების ღირსო!”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>