ამონარიდი ალექსანდრე დიუმას რომანიდან – „გრაფი მონტე-კრისტო”

„ – პეპინო შეწყნარებულია! – წამოიყვირა ანდრეამ და აქამდე გარინდული, ახლა გამოერკვა, – რატომ შეიწყნარეს იგი და არა მე? ჩვენ ორივენი უნდა მოვმკვდარიყავით, თქვენ აღმითქვით, რომ ის ჩემზე ადრე მოკვდებოდა; თქვენ უფლება არა გაქვთ, მარტო მე მოკლათ, მე არ მინდა მარტო მოვკვდე, არ მინდა!

ანდრეა ხელიდან გაუსხლტა მღვდლებს, იკლაკნებოდა, ღმუოდა, ღრიალებდა და ამაოდ ცდილობდა, გაეგლიჯა თოკი, რომლითაც ხელები ჰქონდა შეკრული. ჯალათმა თანაშემწეს ნიშანი მისცა, ისინი ეშაფოტიდან წამოხტნენ და მსჯავრდებულს ხელი სტაცეს.

რა ხდება იქ? – ჰკითხა ფრანცმა გრაფს.

 - რაკი ყველა რომაულ დიალექტზე ლაპარაკობდა, ფრანცმა კარგად ვერ გაიგო, რაში იყო საქმე.

- რა ხდება? – თქვა გრაფმა, – განა ვერ ხვდებით? აი, ის კაცი, ვინც ახლა უნდა მოკვდეს, მძვინვარებს იმის გამო, რომ მეორე მსჯავრდებული მასთან ერთად არ კვდება. ნება რომ მისცენ, იმ კაცს ფრჩხილებითა და კბილებით დაგლეჯდა, ოღონდ მისთვის წაერთმია სიცოცხლე, რომელსაც მას ართმევენ. ოჰ, ადამიანებო! ადამიანებო! ნიანგთა შთამომავლობავ, როგორც თქვა კარლ მოორმა, – წამოიძახა გრაფმა და ბრბოს მუშტები მოუღერა, – კარგად გიცნობთ, ყველა ეპოქაში თქვენ თქვენი თავის ღირსნი ხართ!

ანდრეა და ჯალათის თანაშემწეები მტვერში გორავდნენ, მსჯავრდებული ყვირილს განაგრძობდა:

- ის უნდა მოკვდეს! მე მინდა, რომ მოკვდეს, თქვენ უფლება არა გაქვთ, მარტო მე მომკლათ!

- შეხედეთ, შეხედეთ, – თქვა გრაფმა და ყმაწვილკაცებს მკლავებში ხელი წაავლო, – გეფიცებით ღირს ამის დანახვა. აი, ადამიანი, რომელიც დაემორჩილა თავის ბედს, რომელიც მოდიოდა ეშაფოტისაკენ, რათა მომკვდარიყო როგორც ლაჩარი, მაგრამ მოდიოდა წინააღმდეგობისა და საყვედურის გარეშე. იცით, რა აძლევდა ძალას? რა ამშვიდებდა? იცით, რატომ ელოდა მორჩილად სიკვდილს? იმიტომ, რომ მეორეც იზიარებდა მის ტანჯვას, იმიტომ, რომ მეორეც უნდა მომკვდარიყო; იმიტომ, რომ მეორე მასზე ადრე უნდა მომკვდარიყო. მიუყვანეთ ორი ცხვარი ყასაბს, მიიყვანეთ ორი ხარი სასაკლაოზე და ერთ მათგანს აგრძნობინეთ, რომ მისი ამხანაგი არ მოკვდება, ცხვარი და ხარი სიხარულისაგან აბღავლდებიან, ხოლო ადამიანი, რომელსაც ღმერთმა თავისი სახე მისცა, ადამიანი, რომელსაც ღმერთმა მოყვასთა სიყვარული ჩააგონა, როგორც პირველი, ერთადერთი, უმაღლესი კანონი, ადამიანი, რომელსაც ღმერთმა ენა მისცა იმისთვის, რომ თავისი აზრები გამოხატოს, რას წამოიძახებს, როცა გაიგებს, რომ მისი ამხანაგი გადარჩენილია? – წყევლა-კრულვას. დიდება ადამიანს, ბუნების შედევრს, ქმნილებათა მეფეს! – და გრაფმა გაიცინა ისე საშინლად, როგორც შეუძლია გაიცინოს ადამიანმა, რომელსაც ბევრი ტანჯვა გამოუვლია”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>