ამონარიდი ნოდარ დუმბაძის რომანიდან – „თეთრი ბაირაღები”
„ – ღმერთს ქვეყნად ადამიანზე ზარმაცი არაფერი გაუჩენია. – ჩაერია საუბარში ბატონი ისიდორე, – საცოდავი, კაცობრიობის გაჩენის დღიდან რას არ შვრება, წელებზე ფეხებს იდგამს, ოფლად იღვრება, იტანჯება, ოთხში ძვრება, დღე და ღამეს ასწორებს, რას არ იგონებს – ატომს, გასაოცარ მანქანა-იარაღებს, რობოტებს, მექანიკურ ძრავებს, მუსიკის დამწერ, რომანის დამწერ, ლექსების დამწერ, წიგნის წამკითხველ, თავის მოსაფხან, ფეხის საბან, ყურის გამოსაჩიჩქნ მანქანებს და რობოტებს. ფანტასტიკურ ენერგიას ხარჯავს, დედამიწის გულში მიძვრება, ზღვის ფსკერზე ჩადის, მზეზე ადის და რისთვის? არ იკითხავთ? ბოლოს მხართეძოზე რომ წამოწვეს და არაფერი რომ არ აკეთოს, ტყუილად რომ იყოს, არ იშრომოს, ხედავთ? ბატიაშვილს ნიგვზის გატეხვაც და ვაშლის გათლაც არ უნდა, ეზარება, მანქანა გამოუგონებია. მე რომ ვიყო, პრემიას კი არა, იმ ვაშლის ხეზე ჩამოვკიდებდი მაგ მაიმუნს, – თქვა აღელვებულმა ისიდორე ბატონმა და ნარზე წამოჯდა.
- მართალია, საღი გონებით თუ მივუდგებით საკითხს, მოვლენათა ლოგიკური კავშირი იმ დასკვნამდე მიგვიყვანს, რომ საბოლოო ჯამში ან სულ გადავგვარდებით და გადავშენდებით, ან მოვსპობთ ერთმანეთს, ან ღმერთი თვითონ მოგვსპობს, როგორც გახრწნილებს და კვლავ იმ ტალახად გვაქცევს, რომლიდანაც მოგვზილა. – გადაუსვა ხაზი კაცობრიობას ჭეიშვილმა”.