ამონარიდი ნოდარ დუმბაძის იუმორისტული მოთხრობიდან – „გაუმარჯოს გიგილოს”

„მოახლოვდა აგვისტო, დადგა დრო გიგილოს ჩამოსვლისა და ჩამოვიდა იგი დახრუკული, გარუჯული, ტანსა და პირზე სამხრეთის მზემოკიდებული და გამოცხადდა ასე პირშავად გასაუბრებაზე.

- თანამედროვე მხატვრულ ლიტერატურას კითხულობთ?

- როგორ გეკადრებათ, ბატონო!

- რას მეტყვით ლეო ქიაჩელის „სისხლზე”?

- ნამდვილად ვაჟკაცური, ქართული სისხლი აქვს.

ლექტორს გაეღიმა, გიგილო გათამამდა.

- გვადი ბიგვაზე რაღას იტყვით?

- საუცხოო კაცია, მამაჩემის მეგობარია, სწორედ მაგას სთხოვა მამამ ჩემს შესახებ ეთქვა თქვენთვის, – თქვა გიგილომ და თავი მორცხვად დახარა. ყოველთვის ასეა, პროტექტორის ხსენება რომ დაგჭირდება.

- თქვენ გამაგიჟებთ! – განგებ გაბრაზდა ლექტორი.

- ნუ გეშინიათ, ბატონო, არავინ გვიგდებს ყურს, – დაამშვიდა გიგილომ.

- „ვაზის ყვავილობა” წაიკითხეთ?

- მე აგრონომიულზე შევდივარ, პატივცემულო, იურიდიულზე მინდა.

- ქართულ ლიტერატურაში უვიცი ხართ.

- რუსული მკითხეთ.

- როდის გარდაიცვალა მაიაკოვსკი?

- მაიაკოვსკი არ გარდაცვლილა, ის კვლავ ცოცხლობს ჩვენს გულებში, – დასჭექა გიგილომ.

- თავისუფალი ხართ, მიბრძანდით.

და გამობრძანდა ჩვენი ოჯახის სიამაყე.

- ვისია ეს ბიჭი, პატრონი არ ჰყავს? ნეტავი დედამისს! – იკითხა გასაუბრებაზე გიგილოსთან ერთად შესული გოგონას მშობელმა.

- ჩემია! – ამაყად თქვა გიგილოს დედამ და ისეთი თვალით შემომხედა, თითქოს მარტო მას მიუძღოდა ღვაწლი გიგილოს განათლებისა და აღზრდის საქმეში”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>